აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობის ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2021 წლის დასაწყისიდან შედის. როგორც Flightglobal-ი წერს, აშშ-ში ყველა დრონი უნდა აღიჭურვოს დისტანციური საიდენტიფიკაციო სისტემებით. გარდა ამისა, ახალი წესები დრონებს საშუალებას მისცემს ღამის საათებშიც თავისუფლად განახორციელონ ოპერირება.

ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თანდათანობით შემოიღეს ახალი წესები, რომლებიც არეგულირებენ დრონების ფრენას საერთო საჰაერო სივრცეში. აღნიშნული წესები კი შექმნილია იმისთვის, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილებისას დაცული იყოს როგორც ადამიანების, ასევე ჰაერში თვითმფრინავების უსაფრთხოება. იმავდროულად, ახალმა წესებმა არ უნდა შეზღუდოს დორნების გამოყენებით საქონლის მიწოდების და შესყიდვების სექტორის განვითარება.

FAA-ს მიერ მიღებული პირველი წესის თანახმად, 2021 წლის დასაწყისიდან ანუ მისი ძალაში შესვლის შემდეგ, დრონის მწარმოებლებს 1,5 წელი ექნებათ იმისათვის, რომ დისტანციური საიდენტიფიკაციო სისტემებით აღჭურვა განახორციელონ.

შემდგომ დრონის ოპერატორებს კიდევ ერთი წელი მიეცემათ საიდენტიფიკაციო სისტემების მქონე დრონების გამოყენებაზე გადასვლისთვის.

დრონის დისტანციური საიდენტიფიკაციო სისტემა Wi-Fi-ს ან Bluetooth-ს უნდა იყენებდეს  დრონის სარეგისტრაციო ნომრის, ასევე მისი ფრენის ტრაექტორიის შესახებ ინფორმაციის გადასაცემად.

იმავდროულად, სისტემას უნდა შეეძლოს ფუნქციონირება ინტერნეტის გარეშეც. დისტანციური იდენტიფიკაციის მოთხოვნა არ ვრცელდება დრონებზე, რომელთა წონა 250 გრამზე ნაკლებია.

მეორე წესი კი, დრონის ოპერატორებს საშუალებას აძლევს ფრენა ღამით და ხალხის თავზე განახორციელონ. ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ ოპერატორებს აღარ დასჭირდებათ სპეციალური ნებართვის მიღება ღამით ფრენებისთვის და ღამითაც იგივე წესები იმოქმედებს, როგორც დღისით.

ასევე, დრონის მფლობელებს მოსამზადებელი ონლაინ კურსის გავლა მოეთხოვებათ და ჩაუტარდებათ დრონის ფრენის წესების ცოდნის ტესტი.

ღამის ფრენებისათვის დრონები უნდა იყოს აღჭურვილი მანათობელი სიგნალებით, რომელიც მინიმუმ სამი მილის (4.8 კილომეტრის) დაშორებითაც ხილვადია.

ორივე წესი FAA-მ 2020 წლის 28 დეკემბერს მიიღო და ისინი ძალაში 60 დღის განმავლობაში უნდა შევიდეს.