ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.
ამბროლაურში მოეწყობა თემატური, ინტერაქტიული სივრცე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას და ქვეყნის ავიაციის ისტორიას. კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისკენ სწრაფვას. სივრცე იქნება ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფუნქციური, სადაც წარმოდგენილი იქნება თემატური ინსტალაციები, საგამოფენო ელემენტები და საბავშვო აქტივობები. პროექტის მიზანია შექმნას ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი და გასართობი.
ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: ავიაციის თემატიკის შემეცნებით სტენდს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს, მათ შორის სასრიალო თვითმფრინავსა და პინგპონგის აქტივობას, ასევე სიმულაციურ გამოცდილებას თვითმფრინავში, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
მოეწყობა ფოტო ზონა და ბრენდირებული ფოტოჯიხური, ხოლო დღის განმავლობაში გაიმართება მასტერკლასები – ორიგამი, ლეგოების აწყობა და თვითმფრინავების მოდელების შექმნა, რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ამბროლაურის შერჩევა მისი სტრატეგიული მნიშვნელობით არის განპირობებული, რადგან ქალაქში მდებარეობს ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ავიაციის განვითარებაში.
წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულ კონცეფციას ეფუძნება – წელს ასევე აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე, შესაბამისად, ღონისძიებების საერთო გზავნილია: „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს,“ რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ როლს და სულიერი ერთიანობის მნიშვნელობას.












