ბრაზილიის დედაქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: კომპანიების, Neoenergia-ს, TEVX-ისა და ფედერალური ოლქის მთავრობის პარტნიორობით, ქვეყანაში პირველი წყალბადზე მომუშავე კომერციული ავტობუსი გაეშვა. ინოვაციური სატრანსპორტო საშუალება მოემსახურება საზოგადოებრივ ტურისტულ მარშრუტს, სახელწოდებით Rota Monumental. პროექტი ასევე მოიცავს ქვეყანაში პირველი წყალბადის გასამართი სადგურის მოწყობას ტაგუატინგაში.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსია Rota Monumental-ის მარშრუტზე სრულიად უფასოა და მას პროფესიონალი გიდი უძღვება, რომელიც მონაწილეებს ბრაზილიის დედაქალაქის ისტორიას აცნობს. ტური ტელეანძასთან იწყება და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ეროვნულ მუზეუმს, კათედრალურ ტაძარს, სამი ხელისუფლების მოედანსა და ეროვნულ თეატრს მოიცავს. მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა 1,5 საათია. ამ ეტაპზე ტურები მხოლოდ შაბათობით, დილის 10:00 საათზე იმართება, თუმცა მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, დაგეგმილია განრიგში პარასკევისა და კვირის დამატებაც.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ელექტროავტობუსი 71 მგზავრზეა გათვლილი და მისი სრული დატენვა სულ რაღაც 10-15 წუთს მოითხოვს. ერთი დატენვით ტრანსპორტს 300 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. მოძრაობისას ავტობუსი გარემოში მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს, რაც გამორიცხავს მავნე ნივთიერებების ემისიას და ხელს უწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
წყალბადის მიღება ხდება წყლის ელექტროლიზის პროცესით, რისთვისაც გამოიყენება ადგილობრივი ფოტოელექტრული დანადგარების მიერ გამომუშავებული განახლებადი ენერგია. ბრაზილიის ტურიზმის მინისტრის, კრისტიანო არაუჟოს განცხადებით, ეს ინოვაციური პროექტი ბრაზილიას პოზიციონირებს როგორც თანამედროვე და „ჭკვიან“ ტურისტულ მიმართულებას, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით საუკეთესო პრაქტიკას და ამავდროულად ამდიდრებს ქალაქის სტუმრებისა და მაცხოვრებლების გამოცდილებას.












