ავიაკომპანია Emirates-ი პირველი კლასის მგზავრებისთვის პერსონალური სააბაზანო ოთახების (En-suite) კონცეფციას ამუშავებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრეზიდენტმა, ტიმ კლარკმა, ბერლინში გამართულ CAPA Airline Leader Summit-ზე განაცხადა. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, Emirates-ი გახდება პირველი კომერციული ავიაგადამყვანი მსოფლიოში, რომელიც პირველი კლასის თითოეულ მგზავრს საკუთარ, განცალკევებულ სააბაზანო ოთახს შესთავაზებს.

ტიმ კლარკმა, რომელიც კომპანიაში მისი დაარსების დღიდან, 1985 წლიდან მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ Emirates-ი მუდმივად სრულყოფს საკუთარ პროდუქტს, რათა ფეხი აუწყოს დროს და შეინარჩუნოს ლიდერობა პრემიუმ სეგმენტში. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ რომელი ტიპის ხომალდზე დამონტაჟდება ახალი სისტემა პირველ რიგში, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პერსონალური სააბაზანოებისთვის ყველაზე შესაფერისი Boeing 777-ის ტიპის ლაინერია. ამ თვითმფრინავის პირველ კლასში სულ ექვსი ლუქს-კაიუტაა განთავსებული (კონფიგურაციით 1-1-1), რაც თითოეული მოგზაურისთვის მეტი სივრცის გამოყოფის საშუალებას იძლევა.

ამჟამად Emirates-ი პირველი კლასის მგზავრებს განსაკუთრებულ პირობებს Boeing 777-სა და Airbus A380-ზე სთავაზობს. ამ უკანასკნელის ბორტზე მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ საერთო საშხაპე კაბინებით, ლაუნჯითა და ბარით. ულტრა-პრემიუმ მომსახურების სეგმენტში Emirates-ის უახლოეს კონკურენტად კვლავ Etihad Airways რჩება თავისი „The Residence“ ლუქსით, რომელიც მოიცავს პირად ბატლერს და სამოთახიან ნომერს მისაღებითა და სააბაზანოთი, თუმცა Emirates-ის ახალი გეგმა გულისხმობს ასეთი ფუფუნების ხელმისაწვდომობას პირველი კლასის ყველა ინდივიდუალური მგზავრისთვის.