COVID-19–ის პანდემიამ რეგიონში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებით, რომელსაც ართულებს სოციალური უკმაყოფილება და კონფლიქტი, აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

2020 წლის შუა პერიოდში სტაბილიზაციის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მეოთხე კვარტალში და მთავრობები აიძულა შეენარჩუნებინათ ან ხელახლა შემოეღოთ შემარბილებელი ღონისძიებები. შეფასების მიხედვით რეგიონული მშპ გასულ წელს 2.9%-ით შემცირდა. თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნა ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნების დაახლოებით ორ მესამედში გაჩნდა გაცილებით ღრმა ვარდნის მოლოდინი ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. პანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ძლიერი სავაჭრო ან ფინანსური კავშირები ჰქონდათ ევროზონასთან და რომლებიც მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი სერვისებზე და ტურიზმზე (ხორვატია, კოსოვო, მონტენეგრო).

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, რეგიონის ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში პორტფელის გაცილებით დიდ გადინებას ჰქონდა ადგილი ვიდრე სხვა სახელმწიფოებში, რაც ასახავს ნდობის დაკარგვას და უსაფრთხოების ძიებას. ფისკალური მხარდაჭერის  პაკეტები  ევროპის და ცენტრალური აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადდა. აღნიშნული და დახმარების სხვა ღონისძიებების მიუხედავად, შეფასების მიხედვით პანდემიამ  ევროპაში მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია გასული წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში. უმუშევართა რაოდენობის ზრდა  განსაკუთრებით აღინიშნა ცენტრალურ აზიასა და რუსეთში.

მიმოხილვა: პროგნოზის თანახმად რეგიონში 2021 წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ზომიერი იქნება 3.3%-მდე, რამდენადაც COVID-19-ის შემთხვევების მატება ეკონომიკური საქმიანობის მუდმივ წყვეტილობას იწვევს. მიმოხილვა მიუთითებს ეფექტური ვაქცინის განაწილებაზე 2021 წლის დასაწყისში მოწინავე ქვეყნებში და ძირითად განვითარებად ბაზრებზე, განვითარებად ქვეყნებში რუსეთის ჩათვლით, და წლის მომდევნო პერიოდში სხვა ქვეყნებში. მასში ასევე წარმოდგენილია დაშვება, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაცია რეგიონში არ მოხდება.

ეკონომიკური ზრდა რეგიონის უდიდეს ქვეყანაში რუსეთში 2021 წელს სავარაუდოდ მხოლოდ ზომიერი იქნება,  2.6%-მდე, რადგან COVID-19 ინფექციის ხელახალი მატება აღინიშნება.  მოსალოდნელია ზრდის გამყარება ვაქცინაციის დაწყებით, სამრეწველო საქონლის ფასების ზრდით და მხარდაჭერის ღონისძიებების გაგრძელებით. რეგიონის მეორე უდიდესი ქვეყნის – თურქეთის ეკონომიკა პროგნოზის მიხედვით 4.5%-ით გაიზრდება 2021 წელს, რადგან ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა შეჩერდება და გარე მოთხოვნა გაიზრდება.

პროგნოზის მიხედვით, წელს ცენტრალურ ევროპაში ეკონომიკური ზრდა მტკიცე იქნება  3.6%-მდე, რასაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის აღდგენა, ევროზონაში ეკონომიკური საქმიანობის განახლების პარალელურად. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის განმავლობაში შენარჩუნდება პოლიტიკის ადაპტაციის განსაკუთრებული ღონისძიებები, პრაქტიკულად ნულოვანი პროცენტული განაკვეთების ჩათვლით (უნგრეთი, პოლონეთი). 2021 წელს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მოსალოდნელია ზრდა 3.5%-მდე მომხმარებლის და ბიზნესის ნდობის აღდგენის შემთხვევაში, რაც განპირობებული იქნება COVID-19 -ის კონტროლის ქვეშ მოქცევით და პოლიტიკური არასტაბილურობის შემცირებით.

აღმოსავლეთ ევროპის ქვერეგიონული ეკონომიკა 2021 წელს სავარაუდოდ 1.3%-ით გაიზრდება, რაც ასახავს პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, შემცირებულ ადგილობრივ მოთხოვნას და პოლიტიკურ დაძაბულობას ბელარუსში. პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში 2.5% იქნება პანდემიასთან და კონფლიქტთან დაკავშირებული შოკების გაფანტვის, ტურიზმის განახლების, ასევე,  მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის აღდგენის პარალელურად. ცენტრალურ აზიაში წელს მოსალოდნელია ზრდა 3%-მდე, რასაც გაამყარებს სამომხმარებლო ფასების ზრდა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, რამდენადაც ქვერეგიონი გააღრმავებს თავის ინტეგრაციას ჩინეთის პროგრამაში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“.

რისკები: რისკები პერსპექტივებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იკლებს. უახლოესი მომავლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ბუნდოვანია  რეგიონში დაავადების შემთხვევების ბოლოდროინდელ მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებული გაურკვევლობის (რამაც ხელი შეუწყო სოციალურ უკმაყოფილებას ზოგიერთ ქვეყანაში) და ასევე გეოპოლიტიკური რისკის ესკალაციის რისკის გამო. COVID-19 -ის შემთხვევების რიცხვის ზრდას ევროპაში და ცენტრალურ აზიაში შეიძლება მოჰყვეს გაცილებით მკაცრი შეზღუდვები და საპასუხო ღონისძიებები  შინამეურნეობების და კომპანიების მხრიდან.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის საპასუხო ღონისძიებები COVID-19 -ის პანდემიის მიმართ

მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა,  ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში.

მსოფლიო ბანკი  ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს  15 თვის განმავლობაში (2021 წლის ივნისის ბოლომდე), 100-ზე მეტი ქვეყნის ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული და 12 მლრდ აშშ დოლარი განვითარებადი ქვეყნებისთვის  COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენის და დისტრიბუციის დასაფინანსებლად.”