2021 წელს მსოფლიო ავიაკომპანიების წმინდა ზარალი 38.7 მლრდ დოლარი იქნება, ანუ თითო მგზავრზე 13,78 დოლარი, აღნიშნულ პროგნოზს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) აკეთებს. 

IATA-ს მონაცემებით, მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესება მოსალოდნელია 2021 წლის მეოთხე კვარტალში. ავიაკომპანიების ხარჯების შემცირების აგრესიული პოლიტიკა და საზღვრების გახსნის შემდეგ მოთხოვნის ზრდა, სავარაუდოდ, ავიაციაში ფულადი სახსრების შედინების პოზიტიურ დინამიკას გამოიწვევს. 

2021 წელს 2020 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 1 მლრდ-ით გაიზრდება და 2.8 მლრდ-ს მიაღწევს. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 1.7 მლრდ-ით ნაკლები იქნება. 

IATA-ს გათვლებით, 2021 წელს დატვირთულობის კოეფიციენტი 72.7%-მდე გაიზრდება. 2020 წლის პროგნოზი კი 65,5%-ია. ეს იმ ფონზე, როდესაც 2019 წელს დატვირთულობის კოეფიციენტი 82.5%-ი იყო.

IATA-ში მიიჩნევს, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გზა გრძელი და რთული იქნება და ავიაკომპანიებს 2019 წლის მაჩვენებლებთან დაბრუნება შეეძლებათ არაუადრეს 2024 წლისა. იმავე დროს, შიდა ბაზრები უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე საერთაშორისო ბაზრები.