ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ევროპული მიმართულებების მაქსიმალური განვითარება, – ამის შესახებ თეა ზაქარაძე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საავიაციო სექტორი ახალი ბაზრებისა და ავიაკომპანიების მოზიდვაზე ინტენსიურად მუშაობს და ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკის სამინისტრო და აეროპორტების გაერთიანება, ხოლო მოლაპარაკებები როგორც არსებულ, ისე ახალ ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს.

ზაქარაძის ინფორმაციით, China Eastern Airlines ივლისიდან შანხაის მიმართულებით იწყებს ოპერირებას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ამატებენ Buta Airways, FlyOne Armenia და FlyArystan. მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ევროპულ, ჩინურ და ინდურ ბაზრებზე, რათა რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს აეროპორტებმა პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნონ.

„მინდა სრული გულწრფელობით აღვნიშნო, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ისევე როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, ბოლომდე არიან ჩართულები ამ პროცესში და უდიდეს დახმარებას გვიწევენ. ისინი მოლაპარაკებებს უმაღლეს, სახელმწიფოთაშორის დონეზე აწარმოებენ, ნებისმიერი სამთავრობო ვიზიტის თუ შეხვედრის დღის წესრიგში მუდმივად დგას ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და ფრენის სიხშირეების მატების საკითხები. ჩვენ აბსოლუტურად კოორდინირებულად, ერთიანი ძალებით მივიწევთ წინ.

აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე. გამოცდილება აჩვენებს, რომ რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტის დროს, დარტყმის მთავარი სამიზნე სწორედ საავიაციო სექტორი ხდება, რაც თბილისისა და განსაკუთრებით ბათუმის აეროპორტების მგზავრთნაკადის მკვეთრ კლებაში აისახება. სწორედ ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ევროპული მიმართულებების მაქსიმალური განვითარება. როგორც მოქმედ, ისე პოტენციურ ახალ პარტნიორებთან საკმაოდ დინამიკურ, პროაქტიულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვთავაზობთ მნიშვნელოვან შეღავათებსა და ფასდაკლებებს, რათა მათი საქართველოში შემოსვლა წავახალისოთ.

ამ კონტექსტში ჩინეთის ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიულად პრიორიტეტულია. დღესდღეობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ოპერირებს ორი მსხვილი ჩინური ავიაკომპანია: China Southern და Air China, ხოლო მიმდინარე წლის ივლისიდან პირდაპირ ფრენებს შანხაის მიმართულებით იწყებს მესამე მსხვილი ოპერატორი – China Eastern. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია. არანაკლებ პერსპექტიულია ინდოეთის ბაზარიც; მართალია, ცნობილი მოვლენების გამო ინდურმა გიგანტმა „IndiGo“-მ დროებით შეაჩერა ფრენები, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ დასტური, რომ ისინი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კვლავ სრული მოცულობით დაგვიბრუნდებიან.

ამ კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა და ჩართულობა. მაშინ, როდესაც ბათუმის აეროპორტს გეოპოლიტიკური და კლიმატური ფაქტორების გამო ყველაზე მეტად უჭირდა, აზერბაიჯანულმა ავიახაზებმა („Buta Airways“) ოპერირების დაწყება მაისის ნაცვლად, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, გადმოწია და 16 აპრილიდანვე შეასრულა პირველი რეისი ბაქო-ბათუმის მიმართულებით. გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს ავიაკომპანია FlyOne Armenia ერევნის მიმართულებით, ხოლო ივნისიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი „FlyArystan“-ი პირველად განახორციელებს ფრენებს ყაზახეთის სამი სხვადასხვა ქალაქიდან.

ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, რომ არსებულ გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებითა და ბაზრების დივერსიფიკაციით ვუპასუხოთ“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.