ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს საავიაციო სექტორზეც იმოქმედა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში საომარი მოქმედებების ფონზე არაერთმა ავიაკომპანიამ ფრენები შეაჩერა, რამაც ბათუმის აეროპორტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, თუმცა მიუხედავად გამოწვევებისა, TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას აგრძელებს.

„იანვარში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გარკვეული პერიოდი მოსამზადებელ სამუშაოებს დავუთმეთ. თუმცა, ზუსტად იმ დროს, როდესაც მშენებლობის ძირითად ფაზაზე უნდა გადავსულიყავით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სერიოზული საომარი მოქმედებები დაიწყო. მიუხედავად ამ გეოპოლიტიკური კრიზისისა და მის ფონზე შექმნილი სირთულეებისა, ჩვენი პოზიცია უცვლელია, ვაგრძელებთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას.

თუ შევაფასებთ იმას, თუ რა მოხდა რეალურად თებერვლის ბოლოდან და მარტის დასაწყისიდან: შექმნილი მდგომარეობის გამო, არაერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა ფრენების განხორციელება. ვინაიდან ჩვენ საქართველოში ორ საერთაშორისო აეროპორტს ვმართავთ, შემიძლია ღიად გითხრათ, რომ ამ გლობალური კრიზისის შედეგად, საკმაოდ დიდი და პირდაპირი დარტყმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

მისივე განმარტებით, TAV Georgia 2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის 6 მილიონ მგზავრს ელოდებოდა, თუმცა მარტსა და აპრილში მგზავრთნაკადი შემცირდა.

„2025 წელი ჩვენ საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით, 5 400 000 მგზავრით ჩავხურეთ. ჩვენი წინასწარი პროგნოზით, ინფრასტრუქტურული პროექტის პარალელურად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის სტაბილურ მატებას ველოდით და ვვარაუდობდით, რომ მიმდინარე 2026 წელს თითქმის 6 მილიონიანი ნიშნულით, კერძოდ, 5 800 000-დან 5 900 000-მდე მგზავრით დავასრულებდით. თუმცა, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გარკვეული კლება დაფიქსირდა.

იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ჯამური მაჩვენებლებით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხი თვის ჭრილში მაინც დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ და პლიუსში ვართ. თუმცა, კრიზისის პიკურ პერიოდში მკვეთრი კლება ნამდვილად გვქონდა. მარტის თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 12%-ით შემცირდა, ხოლო აპრილში კლებამ 16% შეადგინა.

ჩვენი მოლოდინით, მაისი-ივნისიდან ავიაკომპანიები ნელ-ნელა დაიწყებენ რეისების აღდგენას. ძალიან სასიხარულოა, რომ ბაზარზე უკვე არსებული ოპერატორები ფრენების სიხშირეებს ზრდიან, თუმცა, მეორე მხრივ, გლობალურად გაძვირებული საავიაციო საწვავის ფონზე, სექტორი კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას“, – აცხადებს კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომ Georgian Airways-მა მაისში 85 რეისი გააუქმა, ხოლო ოპერაციები შეამცირეს Turkish Airlines-მა და AJet-მაც.

ზაქარაძის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი თვის მონაცემებით მგზავრთნაკადი 30%-ით შემცირდა, ხოლო მარტ-აპრილში კლება 45-50%-ს აღწევდა. მისივე თქმით, კომპანია ავიაკომპანიებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოში ოპერირება მაქსიმალურად კომფორტული გახდეს და ივნისიდან ბაზარზე პოზიტიური დინამიკა აღდგეს.

„ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ივნისიდან მგზავრთნაკადის მაჩვენებლები უკვე პოზიტიური დინამიკით განვითარდება. ამ მიზნით, ჩვენი გუნდი მაქსიმუმს აკეთებს – აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ფორუმსა და ღონისძიებაში, პარტნიორ ავიაკომპანიებთან კი ყოველდღიურ რეჟიმში ვინარჩუნებთ კომუნიკაციას, რათა საქართველოში მათ ოპერირებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და კომფორტული პირობები შევქმნათ.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ ბევრად უფრო რთული სურათი გვაქვს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხი თვის ჯამურ ჭრილში ბათუმში 30%-იანი კლება ფიქსირდება. ამ მაჩვენებელზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა: იანვრის თვე არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და უამრავი რეისი გაუქმდა, ხოლო მარტსა და აპრილში გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე კლებამ 45-50%-ს მიაღწია, რამაც საბოლოოდ განაპირობა ოთხი თვის საერთო 30%-იანი უარყოფითი ბალანსი.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საავიაციო ბაზარზე იკვეთებიან ახალი მოთამაშეები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათთან და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ისინი ქართულ ბაზარზე შემოვლენ და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს დაიწყებენ“, – განაცხადა ზაქარაძემ.