თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 151 მილიონი დოლარის ინვესტიციით მასშტაბური გაფართოების პროექტი იწყება. ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, TAV Georgia-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიის ოპერირების ვადა 2032 წლამდე გაგრძელდა, ხოლო პროექტის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 6 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

„2026 წელი ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომლის თანახმადაც, ჩვენი ოპერირების ვადა 2032 წლამდე გაგრძელდა.

ამ კონტრაქტით ნაკისრი ჩვენი უპირველესი ვალდებულება არის უმსხვილესი ინვესტიცია, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება. ინვესტიციის საერთო მოცულობა 151 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის როგორც სამგზავრო ტერმინალის, ისე აეროდრომის ნაწილის მასშტაბურ გაფართოებას ითვალისწინებს.

სამუშაოებს უკვე ვიწყებთ. სამშენებლო პროექტს კომპანია „ანაგი“ შეასრულებს და ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

რეალურად, ამ შეთანხმებითა და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 6 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ეს მოგვცემს უნიკალურ შესაძლებლობას, უმაღლეს დონეზე, კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს სტუმრებს და საავიაციო ბაზარზე ახალ მოთამაშეებს ვუმასპინძლოთ.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს აეროპორტებში საკმაოდ პოზიტიური დინამიკა და მგზავრთნაკადის სერიოზული მატება ფიქსირდებოდა, რის გამოც არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ დოკუმენტს საბოლოოდ მოეწერა ხელი და ჩვენ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი უკვე დავიწყეთ.“, – აცხადებს თეა ზაქარაძე.