თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების მოზიდვასთან ერთად, არსებული პარტნიორების შენარჩუნებაზეც აქტიურად მუშაობს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპეტრატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, ამჟამად თბილისის აეროპორტიდან 50 ავიაკომპანია 60-მდე მიმართულებით ოპერირებს, ხოლო ერთ-ერთ პრიორიტეტად ესპანურ ბაზარზე შესვლა და ესპანური ავიაკომპანიების მოზიდვა განიხილება. ზაქარაძის ინფორმაციით, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და არსებობს მოლოდინი, რომ ზამთრის სეზონიდან თბილისის მიმართულებით ესპანური ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.
„თვალსაჩინოებისთვის რომ ვთქვათ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 50 ავიაკომპანია ოპერირებს და ფრენები 60 მიმართულებით სრულდება. მე, რა თქმა უნდა, კრიზისამდელ (ომამდელ) პერიოდს ვგულისხმობ. ამ ეტაპზე ზოგიერთ ავიაკომპანიას, მაგალითად, Qatar Airways-ს დროებით შეჩერებული ან „დაპაუზებული“ აქვს ოპერირება, თუმცა ისინი ფრენებს უკვე ივნისიდან განაახლებენ. ზოგადად, ეს არის ის სტაბილური მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა – 50 ოპერატორი ავიაკომპანია და სეზონების მიხედვით ცვალებადი 60-მდე მიმართულება ჩვენი აეროპორტისთვის საკმაოდ სოლიდური ციფრია.
თუმცა, ამ მოცემულობაში ჩვენთვის პირველრიგოვან ამოცანას, რა თქმა უნდა, ბაზარზე უკვე არსებული ავიაკომპანიების შენარჩუნება და მათთან აქტიური მუშაობა წარმოადგენს, რათა ფრენების სიხშირეები მაქსიმალურად გაიზარდოს. ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია ახალი ავიაკომპანიებისა და ახალი მიმართულებების მოზიდვა.
მაგალითად, ამჟამად ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ და ნომერ პირველ მიზანს ესპანეთის მიმართულება წარმოადგენს. ესპანურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს, პროცესს იტალიაშიც აქტიურად გავაგრძელებთ და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან რომელიმე ესპანური გადამზიდავი – წინასწარ კონკრეტულ ბრენდს შეგნებულად არ დავასახელებ – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ: ჩვენთვის თანაბრად აუცილებელია როგორც არსებული პარტნიორების შენარჩუნება, ისე საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანა“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოტენციალი აქვს და მიმდინარე გაფართოების პროექტი სწორედ ტრანსფერ მგზავრებზეა გათვლილი, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპეტრატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი საინვესტიციო პროექტის ფარგლებში აეროპორტს დაახლოებით 22 000 კვადრატული მეტრი ახალი სივრცე დაემატება, სადაც სპეციალურად ტრანზიტული და ტრანსფერ მგზავრებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ზაქარაძის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრანსფერ მგზავრების მიმართულებით ყველაზე აქტიურად Georgian Airways მუშაობს, ხოლო ახალი სივრცეების ამოქმედება 2028 წლის მაისიდან იგეგმება.
„საქართველოს ნამდვილად აქვს უდიდესი სატრანზიტო პოტენციალი, რის გამოც ამ ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება უკიდურესად დროული იყო.
რეალურად, არსებულ სამგზავრო ტერმინალს, რომლის ფართობიც დღეს 37 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, დამატებით 22 000 კვადრატულ მეტრამდე ახალი სივრცე შეემატება. ეს ახალი ტერმინალი სრულად იქნება ადაპტირებული და უმაღლეს დონეზე მოწყობილი სატრანზიტო და ტრანსფერული მგზავრების მისაღებად. დარწმუნებული ვარ, თბილისი ნამდვილად ჩამოყალიბდება რეგიონულ საავიაციო კვანძად (Hub) – ჩვენ ამის სრული რესურსი და პოტენციალი გაგვაჩნია.
დღესდღეობით, ტრანსფერულ მგზავრთა ნაკადებზე მუშაობის თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი პარტნიორი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ია. ის ამ ეტაპზე ნომერ პირველი ავიაკომპანიაა, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი სატრანზიტო მგზავრი შემოჰყავს.
ძალიან მიხარია, რომ უკვე 2028 წლის მაისიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ გვექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სივრცეები, რომლებიც სპეციალურად ტრანსფერული მგზავრების კომფორტს მოემსახურება“, – აცხადსებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
ზაქარაძის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებელია, რადგან ის ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭეა.. მისი თქმით, დედაქალაქის აეროპორტის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს საავიაციო სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.












