ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky მზად არის, covid-19-ის ვაქცინის საქართველოში ჩამოტანა, რეისის თვითღირებულებით უზრუნველყოს.

„ვინაიდან, ჩვენს საჰაერო ხომალდებს აქვს ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, დამატებით გადაიარაღებას არ საჭიროებს. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს ტვირთის ტარნსპორტირებას თვითღირებულების ფასად“,- განუცხადეს „ბიზნესპარტნიორს” ავიაკომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ვაქცინის მიღებას გაზაფხულის ბოლოსთვის ვარაუდობენ. 

თავის მხრივ, ავიაკომპანიებმა COVID-19 ვაქცინების გადასატანად საკუთარი თვითმფრინავების მომზადება დაიწყეს. ვაქცინის გადასატანად -70°C-მდე ტემპერატურა აუცილებელია. COVID-19​-ის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ძლიერ ყინვას საჭიროებენ.

უკვე ცნობილია, რომ Pfizer-ის ვაქცინას შესანახად -70°C სჭირდება, ხოლო Moderna-ს ვაქცინას კი – 20°C გრადუსი.

ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ინდუსტრიის მხოლოდ 15%-მა გამოთქვა მზადყოფნა -70°C-ზე პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის. Moderna Inc-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება კი ინდუსტრიის 60%-ს შეუძლია.

გადაზიდვები უმეტესწილად მშრალი ყინულის კონტეინერებით ხდება, თუმცა უმეტესობას COVID-19​-ის ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურის კონტროლი არ აქვს

ასევე, მშრალ ყინულს სერიოზული ნაკლი აქვს – მისი ორთქლი მისი ორთქლი თვითმფრინავის კაბინიდან ჰაერს განდევნის, ამიტომ ტრანსპორტირების მოცულობაზე მკაფიო შეზღუდვები არსებობს.

დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს ერთდროულად1 ტონამდე მშრალი ყინულის ტრანსპორტირება შეუძლია.

ალტერნატივაა ელექტრო მაცივრები და თხევადი აზოტი. ამ უკანასკნელის გამოყენება კი ტემპერატურის  -150°C-მდე მიღწევის საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-მა თავადაც დაიწყო მუშაობა სატრანსპორტო ფორმატზე: კომპანიამ შექმნა ყუთები ტემპერატურის კონტროლითა და GPS-კონტროლით. Pfizer-მა საპილოტო ვაქცინები აშშ-ს 4 შტატში უკვე გაგზავნა.

მაცივრულ კონტეინერებზე მოთხოვნილების ზრდა უკვე მოხვდა მწარმოებლების: Cryoport Inc-სა და va-Q-tec-ის ყურადღების ქვეშ, რომლებმაც პროდუქციაზე ფასები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფაქტობრივად გააორმაგეს.

ცნობილია ისიც, რომ Air France-KLM-ი უახლოეს პერიოდში ულტრა დაბალ ტემპერატურაზე პროდუქციის სატესტო გადაზიდვას განახორციელებს, რათა თავიდან ბოლომდე მიწოდების ჯაჭვი შექმნას.