საერთაშორისო საავიაციო კომპანია TAV Havalimanları-სა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ალმათის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნით, თანამშრომლობის ოფიციალური პროტოკოლი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მოეწერა. TAV-ის აღმასრულებელი დირექტორის, სერკან კაპტანის განცხადებით, ალმათი წარმოადგენს აზიიდან ევროპასა და აფრიკაში მიმავალი თანამედროვე აბრეშუმის გზისა და სტრატეგიული „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გაჩერებას, რომელიც მგზავრთნაკადისა და სატვირთო გადაზიდვების კუთხით მზარდ დინამიკას აჩვენებს.

კომპანიამ, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერირებასაც ახორციელებს, ალმათის საჰაერო კარიბჭის მართვა 2021 წელს გადაიბარა. TAV-მა 257 მილიონი ევროს ღირებულების პირველი საინვესტიციო ფაზა, რაც ახალი საერთაშორისო და VIP ტერმინალების მშენებლობას მოიცავდა, 2024 წელს დაასრულა. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რომელიც 2025-2027 წლებზეა გათვლილი და დამატებით 315 მილიონი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს. ჯამურად, აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კომპანიის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 572 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული ინვესტიციების შედეგად, ალმათის აეროპორტის მგზავრთნაკადი, რომელიც მართვის გადაბარებისას 6 მილიონს შეადგენდა, 2025 წლის მონაცემებით 11.9 მილიონამდე გაიზარდა, თავად აეროპორტი კი Skytrax-ის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო 100 აეროპორტს შორის დასახელდა. დღეისათვის საავიაციო კვანძიდან, რომელიც ყაზახეთის ფლაგმანი ავიაგადამზიდის, Air Astana-ს ბაზას წარმოადგენს, 42 ავიაკომპანია 30 ქვეყნის 86 მიმართულებით ასრულებს ფრენებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში TAV უზრუნველყოფს ინტეგრირებულ სააეროპორტო მომსახურებას 8 ქვეყნის 15 წამყვან აეროპორტში, რომელთა ჯამურმა მგზავრთნაკადმა 113 მილიონს გადააჭარბა.