საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ახალი ციფრული პლატფორმა Baggage Community System (BCS) წარადგინა, რომელიც საავიაციო სექტორის ბარგის შეტყობინებების გაცვლის თანამედროვე სტანდარტზე (BIX) ეტაპობრივ გადასვლას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანი გლობალურ ავიაციაში ბარგის დამუშავების ეფექტურობის გაზრდა და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერაა.
ახალი პლატფორმა შექმნილია როგორც უსაფრთხო გარემო ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სახმელეთო ოპერატორებსა და ტექნოლოგიურ პროვაიდერებს შორის მონაცემთა გასაცვლელად. იგი ერთმანეთთან დააკავშირებს ახალ ციფრულ სტანდარტებსა და ძველ, Type B სისტემებს, რომლებსაც ინდუსტრიის დიდი ნაწილი დღემდე იყენებს. IATA-ს ოპერაციული საქმიანობისა და ავიაციის უსაფრთხოების უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ნიკ კარინის განცხადებით, ტელეტაიპის ქსელებზე დაფუძნებული ძველი სისტემები ვეღარ უზრუნველყოფენ საჭირო სიჩქარესა და საიმედოობას, თუმცა ახალ სტანდარტზე გადასვლა არათანაბრად მიმდინარეობს, რის გამოც BCS ორივე ტექნოლოგიური გარემოს გაერთიანების საშუალებას იძლევა.
სისტემა BIX ბარგის თვალყურის დევნებას უზრუნველყოფს რეგისტრაციიდან და შემოწმებიდან დაწყებული, ტრანსპორტირების, ტრანსფერისა და მგზავრისთვის ჩაბარების ეტაპის ჩათვლით. ძველი შეტყობინებების გამოყენება ზღუდავს ინფორმაციის გაცვლას და ზრდის საოპერაციო ხარჯებს, რასაც BCS რეალურ დროში სტრუქტურირებული მონაცემების ერთიანი პლატფორმის მეშვეობით გადაჭრის. მგზავრებისთვის ეს სიახლე ბარგის დამუშავების საიმედოობის გაზრდას ნიშნავს. დეტალური მონაცემები საშუალებას მისცემს კომპანიებს, ოპერატიულად გამოავლინონ დაგვიანებული ან დაკარგული ბარგი და რეალურ დროში განაახლონ ინფორმაცია.
ამჟამად სისტემის ტესტირება სპეციალურ გარემოში მიმდინარეობს, ხოლო BCS პლატფორმის სრულფასოვანი გაშვება 2026 წლის მესამე კვარტალში იგეგმება. პროექტში უკვე ჩართულები არიან მსხვილი ავიაკომპანიები, მათ შორის United Airlines, Lufthansa, Emirates, Cathay Pacific, British Airways, Air Canada, Finnair და Air New Zealand, ასევე ბერლინ-ბრანდენბურგის, ტორონტო-პირსონის, ბენგალურუს, მიუნსტერ-ოსნაბრიუკისა და წითელი ზღვის საერთაშორისო აეროპორტები. კომპანიები, რომლებიც წარმატებით დანერგავენ სისტემას, მიიღებენ IATA-ს სტატუსს „BIX Ready“, რაც მათ ახალ სტანდარტებთან მზაობას დაადასტურებს.












