სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესი გამოაქვეყნა.

სააგენტომ ნორმატიული აქტების პროექტები გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, გამოაქვეყნა:

უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის პროექტი;

დასახლებულ ადგილას, კონტროლირებადი მიწისზედა არის თავზე პირდაპირი ხედვის არეში „სტანდარტული სცენარი STS01“ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის წესის პროექტი;

დაუსახლებელ ადგილას, კონტროლირებადი მიწისზედა არის თავზე, ვიზუალური დამკვირვებლით პირდაპირი ხედვის არის მიღმა „სტანდარტული სცენარი STS02“ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის წესის პროექტი.

უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესის და მასთან დაკავშირებული თანმდევი ნორმატიული აქტების მიღება 2021 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. პროექტი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ, 2019 წელს მიღებული „COMMISSION IMPLEMENTING REGULATION (EU) 2019/947“ და „COMMISSION DELEGATED REGULATION (EU) 2019/945“ რეგულაციების მიხედვით.

უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესი მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე ერთგვაროვანი სამართლებრივი მოთხოვნების არსებობას საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ახალი წესი ახორციელებს უპილოტო საჰაერო ხომალდების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციის დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც ეხება დისტანციური პილოტების კომპეტენციას, უპილოტო საჰაერო ხომალდის მარკირებას და დისტანციურ იდენტიფიკაციას.

ახალი წესის ფარგლებში, დისტანციურ პილოტებს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისას მოეთხოვებათ ელექტრონული ტესტის გავლა, რის შემდეგაც მათ სააგენტოს მიერ მიენიჭებათ კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი.

წესი ასევე ადგენს 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის რეგისტრაციის მოთხოვნას. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, სააგენტოს ვებ-გვერდზე შემუშავებული სპეციალური ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

გარდა ამისა, წესი ადგენს სამართლებრივ მოთხოვნებს სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული იმ ექსპლუატანტების მიმართ, რომლებიც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციას ახორციელებენ საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ახალი წესის ფარგლებში, ექსპლუატაციის „სპეციფიკურ კატეგორიაში“ გაჩნდა ახალი მოთხოვნები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ექსპლუატაციის განხორციელება, როგორც დეკლარირების, ასევე ერთჯერადი თანხმობის და ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოპოვების შედეგად. აღნიშნული პრაქტიკა ხელს შეუწყობს ექსპლუატანტებს შედარებით მაღალი რისკის მქონე ფრენები განახორციელონ მათთვის ხელსაყრელი მეთოდის გამოყნებით. შესაბამისად, ახალი წესი იძლევა შესაძლებლობას „სპეციფიკურ კატეგორიაში“ ექსპლუატაცია განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტული სცენარების შესაბამისად ელექტრონული დეკლარირების საფუძველზე.

სტანდარტული სცენარების შესაბამისად ექსპლუატაციის განხორციელების მიზნით, ახალი წესი ექსპლუატანტებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ დისტანციური პილოტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და შეფასება, ე.ი. ნაწილობრივ შეითავსონ სასწავლო დაწესებულების ფუნქცია.

ახალი წესის ამოქმედების პარალელურად, სააგენტოს ვებ-გვერდზე ამოქმედდება სპეციალური ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებთან მიმართებაში.

სააგენტოს ვებ-გვერდზე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებთ. სააგენტოს მიერ, განთავსდება რეკომენდაციები და მეთოდოლოგია, რომლებიც ექსპლუატანტებს დახმარება ახალი წესით დადგენილი მოთხოვნების უკეთ აღქმასა და შესრულებაში.