საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ.

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა – რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე http://e.gov.ge/IIrnu – სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს, ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

? სრული ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული: http://e.gov.ge/FUcKM