მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთა ფრენაც ღამის საათებშია დაგეგმილი. როგორც ცნობილია, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. შესაბამისად ღამის საათებში აეროპორტში მოხვედრა შეუძლებელი ხდება.

სწორედ ამიტომ, მგზავრებმა, რომელთაც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით უწევთ მგზავრობა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელ ხაზზე 144 (1)  და რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე შეძლებენ ერთჯერადი ნებართვის მიღებას, რომლის საშუალებითაც ის და მისი თანმხლები პირები სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილდებიან.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ნოემბერს მიიღო №670 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
აღნიშნული ცვლილებით, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2020 წლის 9 ნოემბრის 22 საათიდან.
შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე; ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან;, განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
დადგენილების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5029960?publication=0