საქართველოში ავიკომპანიის დაფუძნება და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მოპოვება მხოლოდ იმ კომპანიებს შეეძლებათ, სადაც საკონტორლო პაკეტს საქართველოს მოქალაქეები ან სახელმწიფო ფლობს, – ცვლილება „საჰაერო კოდექსში“ შედის, რომელიც სავარაუდოდ 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი რედაქციით, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში კომპანიაზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები,  სახელმწიფო ან საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი ფლობს წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთან, თავად ამ იურიდიული პირის 50%-ზე მეტსაც  პირდაპირ  ან არაპირდაპირ უნდა ფლობდნენ საქართველოს მოქალაქე, ან მოქალაქეები, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულები.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამ ცვლილებას პრაქტიკაში მიღებულ შედეგებს უკავშირებს.

აქამდე საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნება და ოპერირების მოწმობის მოპოვება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ კომპანიას შეეძლო, თუმცა აღმოჩნდა, ასეთი კომპანიებისთვის მაინც შეუძლებელია უცხო ქვეყნის კომპეტენტური უწყების შესაბამისი ფრენის ნებართვა მოიპოვოს (კონკრეტულ შემთხვევაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან გაიცა უარი ამგვარი ავიაკომპანიისთვის ფრენის ნებართვაზე), რაც საბოლოოდ შეუძლებელს ხდის ამგვარი ავიაკომპანიის მხრიდან გარკვეული საერთაშორისო ფრენის განხორციელებას.

„ანუ ამგვარი ავიაკომპანია აიღებს ქართულ გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას, თუმცა სხვა ქვეყანაში მან შესაძლოა მაინც ვერ შეასრულოს ფრენა, თუკი შესაბამისი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანო უარს განაცხადებს მისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ეს კომპანია არ წარმოადგენს ქართულ კომპანიას. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 581 მუხლის მე-2 ნაწილიდან დაკორექტირდეს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამგვარი პრობლემა მაგალითად შეექმნა ავიაკომპანია MYWAY AIRLINES-ს, როდესაც ევროპულ ქვეყნებში ნებართვის მიღებისთვის კომპანიამ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება შეიტანა.

კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი ვალდებული იქნება მოიპოვოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა არა მხოლოდ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, არამედ აგრეთვე საჰაერო ხომალდის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემისთვისაც.

ამ შემთხვევაში  მეიჯარე სარგებლობის უფლებით გადასცემს მოიჯარეს საჰაერო ხომალდს ეკიპაჟთან ერთად და აღნიშნული საჰაერო ხომალდის ოპერირებაზე (ე.ი. უშუალოდ საჰაერო ხომალდზე, მის ეკიპაჟზე, აგრეთვე ტექნიკურ მომსახურებაზე და დაზღვევაზე) პასუხისმგებელი რჩება მეიჯარე.

წყარო: business-partner.ge