“ომიკრონი” მსოფლიოში ძალებს იკრებს. ამ ფონზე წარმოქმნილი დაბალი მოთხოვნის გამო კი ავიაკომპანიების ნაწილმა რეისების გარკვეული რაოდენობა გააუქმა.

საავიაციო საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნებს ფრთხილი მიდგომებისკენ მოუწოდებენ, რის ფონზეც საზღვრების ჩაკეტვა აღარ უნდა მოხდეს, თუმცა მგზავრების უსაფრთხოება უმაღლეს დონზე უნდა იქნეს დაცული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფრენების შეზღუდვა და საზღვრების ჩაკეტვა არ არის გრძელვადიანი გამოსავალი COVID-ის ახალი ვარიანტების გასაკონტროლებლად.

“ვირუსის სახეცვლილმა ვარიანტმა „ომიკრონმა“ ავიაციის სფერო გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა, პანდემიის მძიმე გავლენის შემცირების მიზნით და საჰაერო მიმოსვლის გამოცოცხლების ფონზე, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, მათ შორის ICAO-სა და IATA-ს მოწოდებაა, რომ ქვეყნებმა გამოიყენონ ფრთხილი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა დამატებითი შეზღუდვების დაწესების კუთხით და დეტალური კვლევების ხელმისაწვდომობამდე, მოერიდონ მკაცრი ღონისძიებების გამოყენებას, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო მოგზაურობისა და გლობალური ეკონომიკის აღდგენას. ამასთან, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული ქმედებების არსებობას. ყველა თანხმდება, რომ ფრენების შეზღუდვა და საზღვრების ჩაკეტვა არ არის გრძელვადიანი გამოსავალი COVID-ის ახალი ვარიანტების გასაკონტროლებლად”, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი AviaNews-თან ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის უკან გამოქვეყნდა.