საქართველოს საავიაციო ბაზარი ევროპაში აღდგენის დინამიკით გამორჩეულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც სამინისტროში სწორედ ავიაციის სფეროს კურირებს AviaNews-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყანამ შეძლო და 2021 წლის ავიაბაზრის აღდგენის საპროგნოზო მაჩვენებელი გააუმჯობესა. 2021 წელს საქართველოს მიმართულებით ოპერირება 6-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო.

როგორია საქართველოს საავიაციო ბაზარი დღეს, როგორ ვითარდება და რა ტენდენციებია, – დეტალებზე AviaNews-ს მარიამ ქვრივიშვილი ესაუბრა:

– ქალბატონო მარიამ, როგორ აფასებთ 2021 წლის საავიაციო წელს, რამდენად მარტივად განახორციელა საქართველომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა? 2021 წლის პროგნოზი იყო, რომ ქვეყანა მოახერხებდა საავიაციო ბაზრის 40%-ით დაბრუნებას, როგორია შედეგები?

– მოხარულები ვართ, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპის რეგიონში. ამას ცხადყოფს როგორც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მაჩვენებლები, ისე ჩვენი შიდა კვლევები და მონაცემები. სასიამოვნოა, რომ რეალურად, აქტიური და პროდუქტიული ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფარგლებში, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ საპროგნოზო 40%-იანი მაჩვენებელი საჰაერო მიმოსვლის რამდენიმე პარამეტრში. მაგალითად, ზაფხულის პიკურ პერიოდში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში აღდგა ავიამიმართულებების 96%, (2019 წელს ფრენები სრულდებოდა 80 მიმართულებით, 2021 წელს – 77), ხოლო ფრენის სიხშირეების – 88%-ი (2019 წელს კვირაში 440-460 სიხშირე; 2021 წელს -385-405).

უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ 11 თვის მონაცემებზე. 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილია 2 237 038 მგზავრი. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მოვემსახურეთ 4 877 967 მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ 46%-ით დავიბრუნეთ მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი, რაც გვქონდა ტურისტულად და მგზავრთა გადაადგილების მხრივ ყველაზე აქტიურ, 2019 წელს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან მოიხსნა და ფრენები აღნიშნული პერიოდიდან ეტაპობრივად დაემატა.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ეს დინამიკა არის სასაზღვრო შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით მთავრობის მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილებების, ავიაციისა და ტურიზმის სექტორის თანმიმდევრული შრომისა და ძალისხმევის შედეგი. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ამ მიმართულებით, გლობალურ დონეზე არსებული გამოწვევების მიუხედავად,  მოლოდინი გვაქვს, რომ წლის შემაჯამებელი მაჩვენებლებიც გვექნება პოზიტიური და არსებული ზრდის დინამიკა შენარჩუნდება.

პანდემიის  პირობებში, ცხადია, რთული იყო ამ შედეგების მიღწევა, თუმცა, ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომით კერძო სექტორთან ერთად, შევძელით საამაყო შედეგების მიღწევა ავიაციის სფეროში, რასაც უდიდესი გავლენა ჰქონდა ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე. შეგახსენებთ რომ, 2021 წელს, ტურიზმის სექტორი სრულად დამოკიდებული გახდა ავიაციის სფეროზე, რადგან 2020 წლიდან დღემდე ჯერ კიდევ დაკეტილია ორი მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვარი მათივე რეგულაციების გამო. ჩვენ გვქონდა ავიაციის აღდგენის მკაფიო გეგმა, რაც, მათ შორის, მოიცავდა აქტიურ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან და ადაპტირებული შეთავაზებების პაკეტს, რამაც განაპირობა სწრაფი აღდგენის დინამიკა და საქართველო გახადა მოწინავე ქვეყანა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის.

– კოვიდ პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, 2021 წელს ქართულ ავიაბაზარზე ახალი მოთამაშეები თუ გამოჩდნენ და რა კეთდება და რა გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ ქართული ავიაბაზარი უფრო მიმზიდველი გახდეს და კონკურენცია გაიზარდოს?

– 2021 წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკისა და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა 6 ახალი ავიაკომპანია. ესენია: Eurowings; Bees Airline; FlyArystan; Air Arabia Abu Dhabi; Middle East Airlines (მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები); Air Manas (მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები). შევძელით და ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანია Wizz Air-თან ერთად, დავაბრუნეთ პირველი ბაზირებული ბორტი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

გარდა ამისა, დაგვემატა 16 სრულიად ახალი მიმართულება, მათ შორის, აღსანიშნავია ფრენები ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის რამდენიმე ქალაქიდან, რაც ახალი და საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენი ტურისტული ბაზრისთვის.

ინფორმაციისთვის, ეს  მიმართულებებია:

·         ალმათი – ბათუმი – ალმათი (Air Astana);

·         ატირაუ – ქუთაისი – ატირაუ (FlyArystan);

·         აქტაუ – ქუთაისი – აქტაუ (FlyArystan);

·         შიმკენტი – ქუთაისი – შიმკენტი (FlyArystan);

·         ნურსულთანი-ქუთაისი-ნურსულთანი (FlyArystan);

·         გიუმრი – თბილისი – გიუმრი (Aircompany Armenia);

·         თბილისი – ხერსონი – თბილისი (Bees Airline);

·         დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი (Eurowings);

·         ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკი (Air Manas);

·         აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბი (Air Arabia Abu Dhabi);

·         მინსკი – ქუთაისი – მინსკი (Belavia);

·         აქტობე – თბილისი – აქტობე (Scat);

·         თბილისი – მიკოლაევი – თბილისი (Bees Airlines);

·         გასიმი – თბილისი – გასიმი (Flynas);

·         ფრანქფურტი – თბილისი – ბაქო (Lufthansa).

·         ვარშავა-ბათუმი-ვარშავა (LOT Polish Airlines)

ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საავიაციო ბაზრით რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით არის განპირობებული. პირველ რიგში, ეს არის ჩვენ მიერ შექმნილი მიზნობრივი შეთავაზებების პაკეტი, პროაქტიული და დროული მოლაპარაკებები, უსაფრთხო, მაგრამ შედარებით მარტივი კოვიდ-საემიგრაციო რეგულაციები, რაც აადვილებს ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას და უზრუნველყოფს სტაბილურ მგზავრთნაკადს. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, მზარდი ტურისტული ნაკადები, სასაზღვრო პოლიტიკა, საქართველოს მოქალაქეების მაღალი ინტერესი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებების მიმართ და პირიქით, საავიაციო ინფრასტრუქტურა, საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური კურსი, მოქნილი პროცედურები ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით და სხვა.

– რაც შეეხება უშუალოდ ავიაკომპანიების რიცხოვნობას, ავიაკომპანიების რა რაოდენობა დაუბრუნდა საქართველოს ავიაბაზარს და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით რით არის მათი ინტერესი გამოწვეული? 

– მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს ავიაბაზარზე 33 სამგზავრო და 8 სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს. ზაფხულის სეზონის პიკურ პერიოდში, საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახორციელებდა 40 ავიაკომპანია – ერთი ავიაკომპანიით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

– ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზეც მინდა გკითხოთ, აეროპორტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. აეროპორტის გაფართოებასთან ერთად ის ავიაკომპანიები რომლებიც ქუთაისში ოპერირებენ ხომ არ აპირებენ მიმართულებების და სიხშირეებს ზრდას?

– გეთანხმებით, 2021 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა, რის შედეგადაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი  ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. შესაბამისად, თუ აქამდე ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას უზრუნველყოფდა, განახლებული ტერმინალით მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. ტერმინალში ასევე 10-დან 18-მდე გაიზარდა სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა, გაზრდილია სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობაც – გაფრენის ზონაში 6-დან 11-მდე, ხოლო მოფრენის ზონაში – 8-დან 14-მდე.

ასევე აღსანიშნია, რომ 200-დან 2000 კვ. მეტრამდე გაიზარდა  განახლებულ ტერმინალში კომერციული ფართების რაოდენობა, მოეწყო ე.წ. „მწვანე გადახურვა“ და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200 მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ტერმინალის გაფართოება/აღჭურვის საინვესტიციო ღირებულებამ 110 მლნ.ლარი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ სხვადასხვა დროს, აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500 ზე მეტი ადამიანი, ხოლო პროცესში ჩართული იყო 100 ზე მეტი წამყვანი ქართული თუ უცხოური კომპანია.

დღეისთვის, საქართველოში ყველაზე მეტი მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air ოპერირებს, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამჟამად 19 მიმართულებით დაფრინავს.

აღსანიშნავია, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, უცვლელად იყო საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი გადაყვანილი მგზავრების კუთხით.

ჩვენი ძალისხმევით, 1-ლი ივლისიდან Wizz Air-მა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დამატებით 6 მიმართულებით განაახლა. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ხელს უწყობს ეკონომიკაში  პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას.

ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით, Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

აქვე აღვნიშნავ, რომ 15 დეკემბრიდან Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შვილობილი ავიაკომპანიით დაიწყო ოპერირება. Wizz Air Abu Dhabi არის Wizz Air-ის მიერ ევროპის გარეთ შექმნილი ავიაკომპანია, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქიდან – აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის  უკვე ქუთაისის მიმართულებით ასრულებს კვირაში ორი სიხშირით პირდაპირ რეისებს.

ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად ასევე მოხერხდა, რომ 2021 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ორი ახალი ავიაკომპანიით შეხვდა. Fly Arystan-ი და Belavia-მ განახლებულ აეროპორტში უკვე წარმატებით ოპერირებენ.

Fly Arystan სრულიად ახალი ავიაკომპანიაა საქართველოს ბაზრისთვის. ის არის ყაზახური Air Astana-ს შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და საქართველოს ბაზარზე, 2021 წლის ზაფხულიდან წარმატებით ოპერირებს. ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ყაზახეთის ოთხი ქალაქის მიმართულებით ასრულებს, ესენია: ნურ-სულთანი, აქტაუ, ატირაუ და შიმკენტი. აღსანიშნავია, რომ Fly Arystan 11 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 61,864 მგზავრს მოემსახურა.

საერთაშორისო რეისების აღდგენასთან ერთად აღვადგინეთ შიდა ფრენებიც –  ზაფხულის განმავლობაში, კვირაში 5-ჯერ სრულდებოდა მესტია-ნატახტარის, 4-ჯერ ბათუმი-თბილისის,  2-ჯერ კი ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებებით პირდაპირი რეისები. 10 ნოემბრიდან განვაახლეთ პირდაპირი მიმოსვლა ქუთაისსა და მესტიას შორის, რომელიც პოპულარული შიდა მიმართულებაა პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.

– საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ბოლო პერიოდში უფრო მეტი ქართული ავიაკომპანია ოპერირებს, ვიდრე გასულ წლებში. როგორია თქვენი შეფასება რამ გამოიწვია ამ მიმართულებით საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების გააქტიურება? ხომ არ ფიქრობთ, რომ კოვიდ პანდემიის დასრულების შემდეგ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი შემცირდება და ეს კომპანიებიც თამაშგარემდგომარეობაში დარჩებიან?

– პანდემიის ფონზე, სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზარდა, რაც განაპირობა სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროულმა და შეუფერხებელი ტრანსპორტირების აუცილებლობამ. გარდა ამისა, სამგზავრო რეისების შეზღუდვის პირობებში, ამ სეგმენტის ტვირთების გადაზიდვასაც სატვირთო კომპანიები უზრუნველყოფდნენ. სასიხარულოა, რომ ქართულმა ბიზნესმა ძალიან მალე დაიწყო ამ შესაძლებლობების ათვისება და საკმაოდ წარმატებულად ოპერირებენ. მაგალითისთვის, ავიაკომპანია Geo Sky გახდა პირველი ქართული სატვირთო ავიაგადამზიდველი, რომელმაც დაიწყო რეგულარული სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ჩინეთისა და ევროპის მიმართულებებით (დღეისთვის, რეგულარულ ფრენებს ახორციელებს ამსტერდამის, ფრანქფურტის, გუანჯოუსა და ჩჟენჩჟოუს მიმართულებით კვირაში 3-3 სიხშირით). ქართულმა სატვირთო ავიაკომპანიამ Easy Charter-მა მოიპოვა ევროპული ნებართვა (TCO), რაც უფლებას აძლევს, სატვირთო გადაზიდვები შეასრულოს ევროპის მიმართულებებით. ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ევროპის ბაზარზე ოპერირება. ასევე,  ავიაკომპანია Georgian Airways​-ის ავიაპარკს დაემატა 1 სატვირთო საჰაერო ხომალდი, რომლითაც ჩარტერულ რეისებს ახორციელებს აზიის, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებებით.

კოვიდ-პანდემიის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია შენელებული ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლება და გლობალური ეკონომიკური ზრდა, რის ფონზეც, სავარაუდოდ, სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება. გასათვალისწინებელია ასევე ონლაინ-ვაჭრობაზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნა, ტრანსპორტირების სისწრაფის გამო კი ავიაცია  მიმზიდველი სატრანსპორტო დარგია.

– როგორია 2022 წლის გეგმები და პროგნოზები, თუ აქვს სამინისტროს გათვლა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით 2022 წლის ბოლოსთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის რამდენ პროცენტიან ნიშნულს შეიძლება დავუბრუნდეთ?

– როგორც იცით, მიმდინარე წელს, EUROCONTROL-მა საჰაერო მიმოსვლის პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებისა და შემდგომი ზრდის კუთხით, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და  მომავალ წელსვე 120%-მდე გაიზრდება (გასული წლის პროგნოზებით, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებდა.)

ფრენების თვალსაზრისით, ჩვენი პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია და მოლოდინები თავსებადია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებთან. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, ვვარაუდობთ, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვექნება და დაახლოებით 65%-ით შევძლებთ პანდემიამდე არსებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებლის დაბრუნებას.

– ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებიდან აქტიურად ჟღერდება, რომ გართულებული ეპიდვითარების ფონზეც კი ეკონომიკა აღარ ჩაიკეტება. როგორია ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკა, ეპიდვითარების გართულების შემთხვევაში და ამის ფონზე თანმდევი რეგულაციების გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ თუ არა რეგულარული ფრენების შეჩერებას, რასაც ადგილი 2020 წლის 21 იანვარს ჰქონდა და რამაც დიდი კვალი დაატყო ბაზარს და ზოგადად ტურისტის ქცევას?

– საქართველოში ვაქცინების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია, შესაბამისად, მთავარი ამოცანა დღეს ვაქცინაციის სტიმულირება, კოვიდ-19 ერთად უსაფრთხო თანაცხოვრება და ეკონომიკური საქმიანობების შეუფერხებლად ოპერირებაა. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების აღდგენასა და შექმნას – ეს კი ჩვენი მთავარი საზრუნავია.

2022 წელს საკმაოდ დადებითი მოლოდინები გვაქვს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების გაძლიერება/აღდგენის კუთხით, რაც, ცხადია, დამოკიდებულია შიდა და გლობალური ვაქცინაციის დინამიკაზე. დღეს რაიმე სახის შეზღუდვებზე საუბარი უსაფუძვლოა, პირიქით, თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ 2022 წელს ვიხილოთ მეტი ტურისტი და მეტი ახალი ავიაკომპანია ჩვენ ქვეყანაში.

– “ომიკრონის” საფრთხის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის IATA-დან თუ არის ახალი რეკომენდაციები საზღვრის კვეთასთან და ზოგადად “გახსნასთან” დაკავშირებით და როგორია მათი პოზიცია რას ურჩევენ ისინი ქვეყნებს ასეთ ვითარებაში?

– ვირუსის სახეცვლილმა ვარიანტმა „ომიკრონმა“ ავიაციის სფერო გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა, პანდემიის მძიმე გავლენის შემცირების მიზნით და საჰაერო მიმოსვლის გამოცოცხლების ფონზე, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, მათ შორის ICAO-სა და IATA-ს მოწოდებაა, რომ ქვეყნებმა გამოიყენონ ფრთხილი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა დამატებითი შეზღუდვების დაწესების კუთხით და დეტალური კვლევების ხელმისაწვდომობამდე, მოერიდონ მკაცრი ღონისძიებების გამოყენებას, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო მოგზაურობისა და გლობალური ეკონომიკის აღდგენას. ამასთან, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული ქმედებების არსებობას. ყველა თანხმდება, რომ ფრენების შეზღუდვა და საზღვრების ჩაკეტვა არ არის გრძელვადიანი გამოსავალი COVID-ის ახალი ვარიანტების გასაკონტროლებლად.

– იმისათვის, რომ ქვეყანამ ერთ-ერთი მოწინავე ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი დაიბრუნოს, კერძო სექტორთან თანამშრომლობით რა უნდა გაკეთდეს ამისათვის, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოსადმი ინტერესი ისევ გაიზარდოს?

– პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ საქართველოსადმი ინტერესი არ განელებულა –  პირიქით, პანდემიის რეალობაში საქართველო კვლავ ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა ტურისტებისთვის. საკმაოდ მზარდია ინტერესი ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყურისა და ე.წ. „შორი მანძილის“ ქვეყნებიდან (მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან), რაც პირდაპირი რეისების სწრაფი აღდგენის დინამიკითაც დასტურდება. მიმდინარე წელს, საქართველოს ტურიზმის სექტორმა დიდი ცვლილება განიცადა – ის სრულად დამოკიდებული გახდა ავიაციის სექტორზე (კოვიდ 19-მდე, ტურისტების  80%-ზე მეტი სახმელეთო საზღვრით შემოდიოდა ქვეყანაში, ახლა კი საჰაეროს მიმართულებას უკავია უდიდესი წილი, რადგან ორი მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვარი შიდა რეგულაციების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ორი წელია ჩაკეტილია). ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო გამტარუნარიანობა მაქსიმალურად გამოყენებულია მიმდინარე წელს და ცხადია, რაც მალე მოხდება მეზობელი ქვეყნების სახმელეთო საზღვრების გახსნა, მით უფრო სწრაფად მოხდება ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკის დაჩქარება.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ მოხდეს ახალი ტურისტული პროდუქტების ფორმირება, რაც პასუხობს არსებულ და სამომავლო ტურისტულ ტენდენციებს – ეკო, აგრო თუ გამაჯანსაღებელი ტურისტული პროდუქტებისადმი გაზრდილ ინტერესს. ასევე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ არსებული კოვიდ-საემიგრაციო რეგულაციები, რაც საქართველოში მოგზაურობას მარტივს და უსაფრთხოს ხდის და საქართველოს დამატებით კონკურენტუნარიანობას უნარჩუნებს სხვა ქვეყნების ფონზე.         

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკმაოდ მიზნობრივ და ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიებს განახორცილებს 2022 წელს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და დაეხმარება კერძო სექტორს სამიზნე ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვაში.