საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. დეკემბერში ჩატარებული  აუდიტის დროს, Skytrax-ის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ტერმინალების სისუფთავე, დასუფთავებისა და დეზინფიცირების პროცედურები, სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციები, მგზავრთნაკადის ორგანიზება/კონტროლი და უსაფრთხოების კუთხით დანერგილი 150-ზე მეტი პროტოკოლით შეაფასეს.

5 ვარსკლავიანი შეფასება ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 20 საერთაშორისო აეროპორტს აქვს მინიჭებული, მათ შორის არიან: ტოკიოს, პარიზის, ბაქოს, ბარსელონასა და მადრიდის მთავარი აეროპორტები. უსაფრთხო აეროპორტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://skytraxratings.com/airports?covid=5

ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, ჩვენთვის უპირველეს ამოცანას მგზავრებისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. შესაბამისად პირველივე დღეებიდანვე, ჩვენს მიერ მართვადი ორივე აეროპორტი მოვიყვანეთ იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც რეკომენდირებული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აეროპორტად დასახელდა“, აცხადეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

Skytrax, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ აეროპორტებსა და მგზავრებისთვის განკუთვნილ CIP დარბაზებში დანერგილი უსაფრთხოების 150-ზე მეტ პროტოკოლს აფასებს, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების ყველა სერვისთან.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 33 წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. 2020 წლიდან კი Skytrax COVID-19 უსაფრთხო აეროპორტების რეიტინგს აქვეყნებს.  ამასთანავე Skytrax-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება „World Airport Awards“-ი, რომელიც მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მერვედ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში.

ტავ ჯორჯია “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 2020 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.