სასიხარულოა, რომ ქართულმა ბიზნესმა ძალიან მალე უპასუხა მზარდ მოთხოვნას სატვირთო გადაზიდვებზე და ეს შესაძლებლობა აითვისა, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. როგორც მან AviaNews-თან ინტერვიუში განაცხადა, პანდემიის ფონზე, სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზარდა, რაც განაპირობა სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროულმა და შეუფერხებელი ტრანსპორტირების აუცილებლობამ.

ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ COVID-პანდემიის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება. 

“გარდა ამისა, სამგზავრო რეისების შეზღუდვის პირობებში, ამ სეგმენტის ტვირთების გადაზიდვასაც სატვირთო კომპანიები უზრუნველყოფდნენ. სასიხარულოა, რომ ქართულმა ბიზნესმა ძალიან მალე დაიწყო ამ შესაძლებლობების ათვისება და საკმაოდ წარმატებულად ოპერირებენ. მაგალითისთვის, ავიაკომპანია Geo Sky გახდა პირველი ქართული სატვირთო ავიაგადამზიდველი, რომელმაც დაიწყო რეგულარული სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ჩინეთისა და ევროპის მიმართულებებით (დღეისთვის, რეგულარულ ფრენებს ახორციელებს ამსტერდამის, ფრანქფურტის, გუანჯოუსა და ჩჟენჩჟოუს მიმართულებით კვირაში 3-3 სიხშირით). ქართულმა სატვირთო ავიაკომპანიამ Easy Charter-მა მოიპოვა ევროპული ნებართვა (TCO), რაც უფლებას აძლევს, სატვირთო გადაზიდვები შეასრულოს ევროპის მიმართულებებით. ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ევროპის ბაზარზე ოპერირება. ასევე,  ავიაკომპანია Georgian Airways​-ის ავიაპარკს დაემატა 1 სატვირთო საჰაერო ხომალდი, რომლითაც ჩარტერულ რეისებს ახორციელებს აზიის, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებებით.

კოვიდ-პანდემიის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია შენელებული ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლება და გლობალური ეკონომიკური ზრდა, რის ფონზეც, სავარაუდოდ, სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება. გასათვალისწინებელია ასევე ონლაინ-ვაჭრობაზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნა, ტრანსპორტირების სისწრაფის გამო კი ავიაცია  მიმზიდველი სატრანსპორტო დარგია.