ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, შეთანხმებას 2019 წლის აპრილში მოეწერა ხელი და ის მოიცავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის ძირითად პრინციპებს.

შეთანხმების თანახმად, მხარეები ერთმანეთს გარკვეულ უფლებებს ანიჭებენ, კერძოდ, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს უფლება ეძლევა გამოიყენოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო სივრცე ტრანზიტული გადაფრენის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის არაკომერციული მიზნით დაჯდომისა და ხომალდზე მგზავრის, ბარგის, ტვირთის აყვანა – გადატვირთვის მიზნით დაჯდომის შემთხვევაში. შეთანხმება ასევე რიგ შემთხვევებში ითვალისწინებს ორმაგი დაბეგვრისგან თავიდან აცილების მიზნით შეღავათიანი რეჟიმის გავრცელებას თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე.

შეთანხმებით რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. მომხსენებლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის რეგულარული გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას. კომიტემა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკითხის რატიფიცირებას.