სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საჰაერო სივრცეში პარაპლანით ფრენის პირობებს ადგენს. “საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების თაობაზე” არსებულ ბრძანებულებას დაემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც

პარაპლანით ფრენა უნდა განხორციელდეს:

• იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პარაპლანით ფრენისას გამოწვეული საფრთხე ადამიანებისათვის, ქონებისათვის და საჰაერო ხომალდებისთვის;
• მზის ამოსვლასა და ჩასვლას შორის (დღის) პერიოდში;
• ხმელეთის ზედაპირთან მუდმივი ვიზუალური კავშირის შენარჩუნებით;

პარაპლანით ფრენისას აკრძალულია:

• საგნების გადმოყრა ან ნივთიერებების გაშხეფვა;
• ფრენა ღრუბლების სიახლოვეს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 1000 ფუტზე (304 მეტრი) ნაკლებ მანძილზე და 3 კილომეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში;

კონტროლირებადი საჰაერო სივრცის ფარგლებში, პარაპლანით ფრენა ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.

არაკონტროლირებადი საჰაერო სივრცის ფარგლებში, პარაპლანით ფრენა ხორციელდება სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირებითნორმატიული აქტის პროექტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

გარდა ამისა, GCAA-ს საჯარო განხილვაზე გამოაქვს პროექტი – “საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ვიზუალური ფრენის წესით (VFR) სპეციალური ფრენის, ასევე ღამის (მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში) ფრენების განხორციელების პირობების დადგენა. წარმოდგენილი პროექტი ასევე ადგენს დამატებით პირობებს ქალაქის ან/და მჭიდროდ დასახლებული ადგილების თავზე ფრენების განხორციელებისას. ცვლილებები შემუშავებულია შესაბამისს ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით (ევროკავშირის რეგულაციები: N923/2012 და N2016/1185).