2024 წელსვე დაგეგმილი გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ამისთვის შეფასდება დედაქალაქის მთავარი აეროპორტის განვითარების სწორი გეგმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ კვლევებსა და შეფასებებზე დაყრდნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისა თუ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება.

„2024 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და ასევე დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაეროსატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს, „ACI Europe”-ის 2024 წლის იანვრის რეიტინგით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთაკადის ზრდის მაჩვენებლით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას. კერძოდ, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა.

ამასთან, აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით.

სამოქალაქო ავიაციის სფეროში გაგრძელდება „ღია ცის“ პოლიტიკის გატარება, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე და ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების განვითარებას. ამასთან, გაგრძელდება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის პოლიტიკა. 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია, მათ შორის აღსანიშნავია ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, რომელმაც დელისა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. გაიზარდა ფრენების რაოდენობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

საქართველოს და თურქეთის მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთის ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი საქართველოსა და ომანს შორის. ასევე, საჰაერო მიმოსვლის თაობაზე მემორანდუმები გაფორმდა ისლანდიასთან და სეიშელთან“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

2024 წლის აპრილიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელიც ფრენებს დაიწყებს ამსტერდამი – თბილისი – ამსტერდამის მიმართულებით. ასევე, ოპერირებას იწყებს თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET, რომელიც რეგულარულ რეისებს განახორციელებს სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის მიმართულებით. 2024 წელს საქართველო თანმიმდევრულად განაგრძობს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას.