პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს საქართველოს კურორტების სექტორში არსებული სურათი, განვითარების დინამიკა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კურორტების განვითარების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში შეირჩა 60-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მათ შორის ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის, ტბის, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რომლებზეც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები მსოფლიოში წამყვანმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა მოამზადეს.
„2024 წელს დამატებით იგეგმება 20-ზე მეტი კურორტისა და საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. რაც მთავარია, წელს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგია შემუშავდება. აქტიურ ფაზაშია კურორტ აბასთუმნის განვითარება, მთავრობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონზე, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, აბასთუმანში შიდა და საერთაშორისო დამსვენებლებს ვუმასპინძლოთ. კურორტს 12 ახალი სასტუმრო შეემატება. შედეგად, 2,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ვრცლად მიმოიხილა ზამთრის კურორტების განვითარების კუთხით არსებული სიტუაცია. მისი ინფორმაციით, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წარმატებებია. 2023 წელს ისტორიაში პირველად საქართველოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში გუდაურსა და ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ განხორციელდა დაახლოებით 300 მილიონამდე ლარის ინვესტიცია.
ასევე გუდაურში აშენდა 2 ახალი საბაგირო კომპლექსი, 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (“ბაბლი”) თითოეული საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 1800-2400 მგზავრია. ათვისებულია ახალი სასრიალო არეალი – არსებულ 70 კმ-ნ სასრიალო ტრასას 6 კმ – იანი არეალი დაემატა. მინისტრის შეფასებით, წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა, რომ გუდაური და ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. ამასთან, პირველად, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე წარმატებით ჩატარდა ფრირაიდის მსოფლიო ტური – ამ კუთხით საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო).
„სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო თასის ეტაპმა განაპირობა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი. გუდაური სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე ასევე დაგეგმილია განახლებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ – მესტიაში, ჰაწვალის მთაზე სრულიად ახალი, ჯამში, 6 კმ-ნი სასრიალო ტრასების მშენებლობა/მოწყობა, რომელიც ზურულდის მთას დაბა მესტიასთან დააკავშირებს. ასევე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში მოხდება ახალი, 3 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი.