თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ისტორიით, კულტურითა და მემკვიდრეობით. აღსანიშნავია “ანატოლიის შუა საუკუნეების ხის ჰიპოსტილის მეჩეთები”, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურულ ძეგლთა სიაშია შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი ჩათვლით ამ ძეგლების რაოდენობა თურქეთის მხრიდან 21-ამდე გაიზარდა.

ხის მეჩეთები არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სალოცავი დარბაზი, რადგან იგი ინახავს უძველეს მდიდარ ისტორიას და ასევე, ასახავს ძველი ეპოქის საუკეთესო არქიტექტურულ ნიმუშს. თურქეთმა ამ ბრწინვალე არქიტექტურის წყალობით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ტურიზმის სფეროში. აღნიშნული ისტორიული მეჩეთები (5) აშენდა ანატოლიაში მე-13 საუკუნის ბოლოსა და მე-14 საუკუნის შუა ხანებში, თითოეული კი მდებარეობს თანამედროვე თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში.

კონია: ბეიშეჰირ ეშრეფოღლუს მეჩეთი

აღსანიშნავია „ბეიშეჰირ ეშრეფოღლუს“ მეჩეთი, რომელიც იუნესკოს სიაშია მოხვედრილი. იგი ხის სვეტებიანი ყველაზე დიდი მეჩეთია ანატოლიაში (კონია). 1296-1299 წლებში აშენებული ეს სალოცავი ადგილი ასახავს სელჩუკთა პერიოდის ოსტატურ ბრწყინვალებას, ასევე მათ ცხოვრებასა და მათ კულტურას. იგი შეიცავს მრავალი ხის სვეტს, ხელით მოჩუქურთმებულ ხის ჭერსა და ამბიონს.

აფიონ-ყარაჰისარი: ულუ (დიდი) მეჩეთი

კონიას მეზობლად მდებარეობს აფიონ-ყარაჰისარი (Afyonkarahisar), სადაც ნახავთ ულუ (დიდი) მეჩეთს. იგი სელჩუკთა ხუროთმოძღვრებისა და ხის ნაკეთობის შესანიშნავი ნიმუშია. იგი ცნობილია, როგორც “40 სვეტის მეჩეთი”, რადგან სწორედ ხუთ რიგად დაყენებული 40 ხის სვეტი მდებარეობს მასში.
რაც შეეხება აქაურ კულინარიას, ჩასვლისას გირჩევთ დააგემოვნოთ უგემრიელესი თურქული ტკბილეული Kaymak (კაიმაღი).

ესქიშეჰირი: სივრიჰისარ ულუს (დიდი) მეჩეთი

აღსანიშნავია რვასაუკუნოვანი „სივრიჰისარ ულუს“ (Sivrihisar ulu mosque) მეჩეთი, სადაც 2500 ადამიანს ერთდროულად შეუძლია ლოცვა. მას აქვს ოთხი შესასვლელი კარი, მისი სახურავი კი 67 ხის სვეტი ეყრდნობა, რომელთა ზედა ნაწილებსაც ხელით დახატული ფიგურები ამშვენებს. რაც შეხება მის ამბიონს, იგი დამზადებულია კაკლის ხისგან და მორთულია გეომეტრიული და ყვავილოვანი ორნამენტებით.

ანკარა: აჰი შერეფედინის (არსლანჰანე) მეჩეთი

საინტერესოა ანკარაში მდებარე აჰი შერეფედინის მეჩეთი (არსლანჰანე), რომელიც ესქიშეჰირიდან 1.5 საათი სავალზე მდებარეობს. ერთსართულიან მეჩეთში, რომელიც თურქეთის რვასაუკუნოვანი ისტორიის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, განთავსებულია 24 ხის სვეტი.
მეჩეთი გარედან საკმაოდ სადა და ლამაზია, რასაც ბევრი ტურისტი მისი ნახვისას აღნიშნავს ხოლმე. XIII საუკუნის დასაწყისში აშენებულ „აჰი შერეფედინს“ ეწოდა „არსლანჰანე“, რაც თურქულად ლომის თავშესაფარს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მის კედელში ჩადგმულია ლომის უძველესი ქანდაკება.

თურქეთის დედაქალაქში ყოფნისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ანკარის სიმითი, დონერი და ჩუბუქის მწნილი.

კასთამონუ: მაჰმუდ ბეის მეჩეთი
მაჰმუდ ბეის მეჩეთი ანატოლიის ხის მეჩეთების მარშრუტის ფარგლებში ბოლო ნაგებობაა.
შენობის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია მისი ულამაზესი გვირგვინის კარიბჭე, რომელიც განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს მას. მეჩეთის მონახულების შემდეგ გადადით კასთამონუს მუზეუმში, იმისათვის, რომ ნახოთ კარი და გაიგოთ მეტი კასტამონუს კულტურის შესახებ.

ანატოლია უძველესი ანტიკური ქალაქის, გორდიონის ნახვის გარეშე არ უნდა დატოვოთ. იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ ანტიკური ქალაქი მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ჩატარებული კვლევების შედეგად კი დგინდება, რომ ამ რეგიონში პირველი დასახლებები 4500 წლის წინ ჩნდება.