2021 წლის ქონების გადასახადისგან ტურიზმის სფეროს გათავისუფლებას დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათები სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის სტიმულის მიმცემი იქნება.
“ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან და ყველა საჭიროება განიხილება შეხვედრებისას. ძალიან სასიხარულოა, რომ 2021 წლის ქონების გადასახადი სრულად ჩამოეწერათ განთავსების, კვებისა და სასმელების ობიექტებს, ასევე ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რაც მათთვის  დამატებით შეღავათია აწარმოონ ბიზნესი და მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღადგინონ ის ტურისტული ნაკადები, რომლებსაც ვმასპინძლობთ. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დაწყებიდან სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს კერძო სექტორს, რისი მთავარი მიზანიც ტურიზმის ინდუსტრიის ძალიან სწრაფი და დროული აღდგენაა“ -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება:
• სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.