ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ენერგეტიკულმა კრიზისმა საავიაციო საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რის გამოც მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ რეისების რაოდენობა, შეეცვალათ მარშრუტები და მაქსიმალურად შეეკვეცათ საოპერაციო ხარჯები. საავიაციო ანალიტიკური კომპანია Cirium-ის მონაცემებით, მიმდინარე თვის განრიგში გლობალურმა გადამყვანებმა ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით 2 მილიონამდე სამგზავრო ადგილი და დაახლოებით 13 000 რეისი უკვე გააუქმეს. პანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც კრიზისი მოთხოვნის ვარდნამ გამოიწვია, ამჯერად ინდუსტრია დარტყმას სტაბილურად მაღალი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების უპრეცედენტო ზრდის ფონზე განიცდის.
ევროპა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონად ითვლება. ევროპული ავიაკომპანიები, გარდა იმისა, რომ დიდწილად არიან დამოკიდებულნი ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის მოწოდებაზე, სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან ორმუზის სრუტეში შეფერხებული საზღვაო გადაზიდვებისა და კონფლიქტის ზონებზე გამავალი საერთაშორისო მარშრუტების გამო. გერმანული გიგანტის, Lufthansa-ს გენერალური დირექტორის, კარსტენ შპორის განცხადებით, რეგიონში მომხდარი არეულობის შემდეგ საავიაციო საწვავის ფასი ორჯერ გაიზარდა. მიუხედავად აქტიური ჰეჯირების პოლიტიკისა, კომპანიის საწვავის ხარჯები წელს შესაძლოა 1,7 მილიარდი ევროთი გაიზარდოს, რის გამოც Lufthansa ზაფხულის სეზონზე 20 000-მდე მოკლე დისტანციის რეისის გაუქმებას გეგმავს.
შეზღუდვები შეეხო დაბალბიუჯეტიან გადამყვანებსაც: Transavia-მ რეისების 2% გააუქმა, ხოლო Ryanair-მა ბერლინიდან ფრენების რაოდენობა ნახევარით შეამცირა. გარდა ამისა, Air France-KLM შორ დისტანციებზე 50 ევრომდე საწვავის დანამატის შემოღებას განიხილავს, ხოლო EasyJet და Ryanair მგზავრებს ბილეთების ფასების შემდგომი ზრდის შესახებ აფრთხილებენ. აზიაში კი ვითარებას მარშრუტების იძულებითი ცვლილება ართულებს, რაც ფრენის დროს, საწვავის მოხმარებასა და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. მალაიზიურმა AirAsia X-მა ბილეთები 40%-ით გააძვირა და წამგებიანი მიმართულებები დახურა, ხოლო Thai Airways-მა სამგზავრო ადგილების თითქმის მესამედი შეკვეცა. რეისების შემცირება მოუწიათ ისეთ მსხვილ კომპანიებსაც, როგორებიცაა Air India, Cathay Pacific და Singapore Airlines.
კრიზისმა მძიმე ფინანსური გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ამერიკაზეც. აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ირანზე განხორციელებული თავდასხმების მომდევნო თვეში საწვავზე 56,4%-ით მეტი დახარჯეს, რამაც ჯამურმა ხარჯმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ ფონზე, ამერიკულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Spirit Airlines-მა განაცხადა, რომ საწვავის ფასების ნახტომმა კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა და წელზე ხელის აღების გეგმები ჩაუშალა. შექმნილი მდგომარეობის გამო აშშ-ის დაბალბიუჯეტიანმა გადამყვანებმა მთავრობას 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი უკვე სთხოვეს. ანალოგიური გამოწვევების წინაშეა ოკეანეთიც, სადაც Air New Zealand ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ზარალს ელოდება, რის გამოც ტარიფებს ზრდის და ახალი ხომალდების შეძენას აყოვნებს. მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ საწვავი და საჰაერო სივრცე საავიაციო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ რისკებად იქცა, რაც პოსტპანდემიურ ეპოქაში გლობალური ავიაციისთვის ახალ გარდამტეხ წერტილს ნიშნავს.












