გლობალური ლოგისტიკური შეფერხებებისა და ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე, გერმანული სატვირთო ავიაკომპანია Lufthansa Cargo-ს საოპერაციო მოგება გასულ კვარტალში მესამედით გაიზარდა. კომპანიის საოპერაციო დირექტორის, ფრანკ ბაუერის განცხადებით, ფინანსური მაჩვენებლების ასეთი ნახტომი საავიაციო საწვავის ორჯერ გაძვირების მიუხედავადაც კი დაფიქსირდა.

ბაუერმა გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ნავთის ფასი გაორმაგდა, თუმცა, ამავდროულად, დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2026 წლის პირველ სამ თვეში სატვირთო ავიაგადამყვანის საოპერაციო მოგება დაახლოებით 33%-ით გაიზარდა.

Lufthansa Cargo-ს შეკვეთების მკვეთრი ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საოპერაციო დირექტორმა ორმუზის სრუტის ბლოკირება დაასახელა. შექმნილი მდგომარეობის გამო, ბიზნესსექტორმა სასწრაფო ტვირთების მასობრივი გადამისამართება საჰაერო ტრანსპორტზე დაიწყო. გარდა ამისა, რეგიონული კონფლიქტის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნების ავიაკომპანიების სატვირთო სიმძლავრეები დროებით შემცირდა, რის შედეგადაც აღნიშნული ტვირთების დიდმა ნაწილმა სწორედ გერმანული გადამყვანის ხომალდებზე გადაინაცვლა.