ახალი პრემიერისგან ასეთი მკაფიო აქცენტის გაკეთება ავიაციის, როგორც ძალიან დიდი და ფასეული ინდუსტრიის როლზე ძალიან მნიშვნელოვანია, – ასე შეაფასა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში წარდგენის შემდეგ ირაკლი კობახიძის მიერ განცხადებები. თავად თეა ზაქარაძე აღნიშნულ ღონისძიებას ვერ დაესწრო, რადგანაც ბერლინში ITB BERLIN 2024-ში მონაწილეობს და სხვადასხვა ავიაკომპანიების პირველ პირებთან მართავს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს – რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ მიმართულებით არსებული მდგრადი განვითარება. ახალი პრემიერისგან ასეთი მკაფიო აქცენტის გაკეთება ავიაციის, როგორც ძალიან დიდი და ფასეული ინდუსტრიის როლზე, პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ავიაციის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ინდუსტრია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ყველანაირი მიმართულებით ქვეყნის განვითარებასთან, მათ შორის ინვესტიციების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხალხთაშორისი თუ კულტურული კავშირების თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური აქცენტები გაკეთდა პრემიერის მხრიდან ავიაციის, როგორც ინდუსტრიის მნიშვნელობაზე, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის პირველი პირისგან ასეთი პოზიტიური გზავნილი განსაკუთრებით მისასალმებელია. ამას ვამბობ, როგორც ავიაციის ინდუსტრიის წარმომადგენელი და საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური მენეჯერი“, განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, უკვე რამდენიმე წელია TAV Airports ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერი გახდა ფრანგული ლიდერი კომპანია Groupe ADP და 2017 წლიდან მის მფლობელობაში ჰოლდინგის 46%-იანი წილია.

დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიის მენეჯმენტი ADP_ჯგუფისგან ხორციელდება. ნათელი რომ იყოს, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვახსენებთ ADP_ჯგუფს – ეს არის აეროპორტების მართვის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი ფრანგული ჰოლდინგი – პარიზის შარლ დე გოლის, ორლისა და ლე ბურჟეს აეროპორტების მფლობელი კომპანია, წარმოდგენილი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის აეროპორტში, უზარმაზარი გამოცდილებით, რესურსებით, შესაძლებლობებითა და კომპეტენციით.

„ფრანგული მენეჯმენტის გააქტიურების შემდეგ, ADP-თან პარტნიორობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა, ე.წ მასტერპლანი შეიქმნა, რომელიც მომდევნო 20 წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების კომპლექსურ ხედვას მოიცავს. ბუნებრივია, სახელმწიფო წყვეტს, როგორ განვითარდება ქვეყნის აეროპორტები, მაგრამ უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული ძალისხმევა გავწიეთ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გენერალური გეგმების მომზადების პროცესში. ეს დოკუმენტები კომპლექსურ ხედვებს და კონკრეტულ, ეტაპობრივად გაწერილ გეგმებს აერთიანებს, რამდენადაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ამ სფეროში არსებულ რეალობას, საქართველოს სპეციფიკას, გვაქვს ამ კუთხით მუშაობის მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გუშინდელ ღონისძიებაზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა, რადგან თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად ჩვენ მზად ვართ, ამისთვის განვითარების სისტემური გეგმა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის მოდელი, სადაც ერთის მხრივ სახელმწიფო სწორად ხედავს და აფასებს ავიაციის მნიშვნელობას, სწორად სვამს ამოცანებს, ხოლო მეორეს მხრივ მსოფლიო ლიდერი კომპანია, რომელიც თავისი გამოცდილებით, ცოდნით და რესურსებითაა მობილიზებული, ჩვენს ქვეყანაში მთელ სექტორს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – აღნიშნა ზაქარაძემ.

ირაკლი კობახიძე: წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს