საქართველოს მთავრობა წელს ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელის.

როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კი 6,8 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის ტურისტული და ლოგისტიკური პოტენციალის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

“პირველ რიგში, დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ასევე რეგიონებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის განვაგრძობთ შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას.

კერძოდ, წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. ეს პროექტი უკვე წარდგენილია საზოგადოების წინაშე. ასევე დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს სწრაფი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა ავიაინდუსტრია. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად, მილიონ-ნახევარი მგზავრი გაატარა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა.