თურქეთი მოგეხსენებათ, ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებლ ადგილად, სადაც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თუმცა ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც არის განსახლების საკითხი, რასაც, ცხადია, საკუთარი კრიტერიუმები გააჩნია. თურქეთი, რომელსაც გააჩნია ეკოლოგიური და კულტურული სიმდიდრე, გამოირჩევა განსახლების მრავალი სახეობით, რომლებიც მკაცრად იცავენ  მდგრადობის პრინციპებს. სტატისტიკის თანახმად, თურქეთში მდგრადობის კუთხით ამჟამად, არის 6156 სერტიფიცირებული ობიექტი, რომელთა რაოდენობაც საგრძნობლად  იზრდება.  ისინი ძირითადად გვხვდება ანტალიაში, სტამბოლსა და მუღლაში.

პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც GSTC-სთან ოქმს ხელი სამთავრობო დონეზე მოაწერა

თურქეთმა გასულ წელს ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან (GSTC), რომელიც ადგენს და მართავს გლობალურ სტანდარტებს მოგზაურობასა და ზოგადად, ტურიზმის სფეროში.  ის გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამ შეთანხმებას მთავრობის დონეზე მოაწერა ხელი. თურქეთმა ასევე შეიმუშავა მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის ტურიზმის მდგრად განვითარებას და ამ კუთხით ყველა პრობლემის დაძლევას. ხელშეკრულების სამწლიანი გეგმის შესაბამისად თურქეთი საკუთარი ტურიზმის პოლიტიკაში განსახლების საკითხთან დაკავშირებით მრავალ სიახლეს შეიტანს და  სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტებისთვის  ტურისტული სერტიფიკატების შემოღებას დაიწყებს. აღნიშნული სერტიფიკატი კი შედგება 42 კრიტერიუმისგან, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ესა თუ ის ობიექტი სერტიფიცირებულად ჩაითვლება. კომისია მათ დამოუკიდებლად აფასებს და ეს ხდება ყოველწლიურად.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ქვეყანაში მდგრადობის მხრივ სერტიფიცირებული ობიექტების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. თურქეთის მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამის მიხედვით, “2030 წლისთვის ყველა ობიექტს უნდა ჰქონდეს მდგრადი ტურიზმის სერტიფიკატი“.

GSTC-ის შესახებ

GSTC არის აშშ-ში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელ და მიუკერძეოებელ საქმიანობას ასრულებს. მასში წარმოდგენილი წევრები არიან ეროვნული და სახელმწიფო მთავრობები, წამყვანი ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ტუროპერატორები და არასამთავრობო ორგანიზაციები. GSTC თავისი საქმიანობით ცდილობს ტურიზმის მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მიღწევას.

გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭო ადგენს გარკვეულ სტანდარტებს, რომლებიც ცნობილია როგორც – “GSTC კრიტერიუმები”. ეს არის სახელმძღვანელო პრინციპები და ასევე ის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიღწევასაც ნებისმიერი ტურისტული ბიზნესი უნდა ცდილობდეს, რათა მოხდეს მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული რესურსების შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ GSTC პირდაპირ არ ახორციელებს რაიმე მომსახურებას, თუმცა უზრუნველყოფს იმ ობიექტების აკრედიტაციას, რომლებიც ამას აკეთებენ.

კერძოდ,თურქეთის მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამა პოლიტიკა  მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდას კულტურული მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების კუთხით, რაც ეფუძნება გლობალური მდგრადი განვითარების პრაქტიკას (ESG)  და გარემოს დაბინძურების შემცირებას. ანუ იგი ორიენტირებულია არამხოლოდ სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ განსახლებაზე, არამედ გარემოს დაცვაზეც. ეს კი საზოგადოების უნიკალური კულტურული ღირებულებების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თურქეთში განსახლების ობიექტების შეფასება ხდება ოთხი ძირითადი კატეგორიის მიხედვით: „მდგრადი მენეჯმენტი“, „კულტურული ზემოქმედება”, „სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება” და  „გარემოზე ზემოქმედება“. სწორედ ამ კატეგორიების გათვალისწინებით ხდება სერტიფიკატის მინიჭება ამა თუ იმ ტურისტული ობიექტისთვის.

თურქეთის მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: www.goturkiye.com