საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტებს უმასპინძლა. ერთდღიანი გაცნობითი ღონისძიება სასწავლო დაწესებულების სტუდენტების ინიციატივით შედგა.
ლევან კარანაძემ სტუდენტებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობა გააცნო, ესაუბრა მათ ფრენების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით უწყების როლზე, საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე სიახლეებზე და დარგის განვითარების გლობალურ ტენდენციებზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე მიმოიხილა საავიაციო შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, ავიასპეციალისტების და პერსონალის მწვავე დეფიციტის გამომწვევი მიზეზები და პოსტპანდემიური პერიოდის სხვა გამოწვევები. სტუდენტებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს სააგენტოს სამუშაო სივრცე. გაიმართა ხანმოკლე გაცნობითი შეხვედრები სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და სპეციალისტებთან.
მომავალი ავიასპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საავიაციო უსაფრთხოების საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უწყება უზრუნველყოფს სასწავლო პრაქტიკებს ადგილზე, ასევე სააგენტოს მაღალი და საშუალო მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა პერიოდულობით, კითხულობენ სალექციო კურსებს საავიაციო უნივერსიტეტში. პროფესიული მომზადების მიზნობრივი პროექტების და აქტივობების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.