Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ჟაჟა ტრუბეკი BMG-თან ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მომავალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრინონ. ამ ეტაპზე უნგრული ბიუჯეტური კომპანია მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.

“სამწუხაროდ, თბილისის აეროპორტში მოსაკრებელი მაღალია. აეროპორტთან მოლაპარაკებებს ყოველთვის ვაწარმოებდით, თუმცა შეთანხმებამდე ვერ მივედით. აეროპორტის მოსაკრებელი ჩვენთვის საკმაოდ მაღალია. მოგეხსენებათ, ბიუჯეტური ავიაკომპანია ვართ და ვცდილობთ დაბალი ფასი შევინარჩუნოთ, რათა უფრო მეტმა მგზავრმა შეძლოს ჩვენთან ერთად ფრენა, ეს არის ჩვენი მისია. ამ ეტაპზე ქუთაისიდან დავფრინავთ და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ფრენებს. ყოველთვის უკეთესის მოლოდინი გვაქვს და შესაძლოა, მომავალში თბილისიდანაც ვიფრინოთ, მაგრამ ახლა ქუთაისზე ვართ ორიენტირებულნი”,-აცხადებს BM.ge-სთან საუბარში ჟაჟა ტრუბეკი.

მიმდინარე კვირაში კომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან გარკვეულ მიმართულებებზე ფრენების სიხშირე გაზარდა. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255 310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.