საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 ფინანსური წელი 19 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულა. 2021 წელს კომპანიის შემოსავლებმა  66.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ 19 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდირებულია საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის მიერ. აუდიტორის მიერ ანგარიშგებაზე გაცემულია არამოდიფიცირებული მოსაზრება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, პანდემიური 2020 წლის შემდეგ მოლოდინები პოზიტიურია.

“გასული წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოგებით დაასრულა. 2020 წლის იგივე მონაცემებთან შედარებით გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. 2021 წელს კომპანიამ დაიწყო პანდემიური ფორსმაჟორიდან ეტაპობრივად გამოსვლა, მსოფლიოში არსებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად გაიზარდა ფრენების რაოდენობა და შესაბამისად იმატა მგზავრთანაკადმაც, რაც ასევე აისახა ჩვენს შემოსავლებზე. მოგება სრულად მოხმარდება 2022 წლის დაგეგმილ კაპიტალურ ხარჯებს, მათ შორის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას,-“აცხადებს თამარ არჩუაძე.

კომპანიამ 2021 წელს მიიღო შემდეგი შემოსავლები: საავიაციო ამონაგები –  36,6 მლნ ლარი, არასაავიაციო ამონაგები –  9,1 მლნ ლარი, ამონაგები გაცემული საკონცესიო უფლებიდან – 18,5 მლნ ლარი, ხოლო საიჯარო შემოსავალი – 2,6 მლნ ლარი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავიაციის ბიზნესი და მათ შორის შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 2021 წლიდან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო რეისების ეტაპობრივი აღდგენა. 2021 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა აღდგა 62 % ით, ხოლო მგზავრთნაკადი 48 %-ით.

აეროპორტების გაერთიანების საქმიანობისათვის ძირითადად რისკებისა და გამოწვევების განმსაზღვრელ ფაქტორებს შესაძლოა წარმოადგენდეს ქვეყანაში და რეგიონში არსებული ზოგადი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო და მოვლენები,( მათ შორის, სავალუტო კურსის მერყეობა), ასევე რეგიონის და გარკვეულწილად – ევროპის საავიაციო ბაზარზე არსებული ეკონომიკური ვითარება. ასევე, გასათვალისწინებელია ზოგადად სამოქალაქო ავიაციისათვის საერთო უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების გამოწვევები. კომპანია შეძლებისდაგვარად, ყველა განსაკუთრებულ გარემოებაში თავის საქმიანობაში ამ რისკებს ითვალისწინებს. კერძოდ, ფულადი სახსრების აკუმულირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სხვადასხვა ვალუტაში ახდენს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ვალუტაში ვალდებულებების შესრულებისას კურსის ცვალებადობით მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილება.