საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მესამე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა საჰაერო სივრცის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის აქტუალურ საკითხებზე და უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. კომიტეტის სხდომას სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გივი დავითაშვილი თავმჯდომარეობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მოქმედ საკვანძო-სამეთვალყურეო რაიონებთან მიმართებაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც საჰაერო სივრცის დადგენასთან დაკავშირებული პროცესების ფორმალიზებას და სრულყოფას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვის კუთხით მიღწეული პროგრესი, აღნიშნულის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესახებ მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. კომიტეტი ევროკონტროლის საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სპეციფიკაციით (EUROCONTROL Specification for the application of the Flexible Use of Airspace − FUA) ხელმძღვანელობს და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საჰაერო სივრცის სტრატეგიულ მართვას უზრუნველყოფს. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფციის დანერგვა საქართველომ 2018 წელს, შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციით სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე და მისი მიზანია საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის უზრუნველყოფა სივრცის ოპტიმალური დაგეგმარების, თანაბრად განაწილებისა და სარგებლობის გზით.