ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ავიაპარკს ზრდის. როგორც AviaNews-ს Geo Sky-ს ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა Geo Sky-ი ამიერიდან „ცის დედოფლების“ გარდა ოპერირებას Boeing 757-200-ითაც მოახდენს.

საჰაერო ხომალდი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში უკვე დარეგისტრირდა და დაწყებულია აღნიშნული საჰაერო ხომალდის Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატში დამატების პროცესი.

„ჩვენი ავიაკომპანიის შემთხვევაში მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე ავიაკომპანიას შეუძლია წარმოადგინოს პროვაიდერები. მიუხედავად ამისა, იმ მიზნით, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა და მოვემსახუროთ დამატებით ტვირთს, ჩვენ გვსურს დამატებითი თვითმფრინავი. ამ დროისთვის, ამ პლანეტაზე ვითარება ისეთია, რომ Boeing-747-ის აღმოჩენა საკმაოდ რთულია. არსებობს კონკრეტული ტიპის არჩევანი, თუმცა ამ კურსს დიდი დრო სჭირდება“, – აცხადებს შალვა კიკნაძე.

Boeing 757-200 1993 წელს არის გამოშვებული და ხომალდი რეგისტრირებული იყო ავსტრიაში და მას ექსპლუატაციას უწევდა ბელგიური კომპანია ASL Airlines Belgium. მანამდე კი აღნიშნული Boeing 757-200-ით  Air Seychelles, Air Transat, Air Holland, Air Scotland, Air Finland, Atlas Jet და TNT Airways ოპერირებდნენ.

აღნიშნულ საჰაერო ხომალდს ერთდროულად 28,7 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის Geo Sky-ს ავიაპარკი 1987 წელს გამოშვებულ ორ Boeing 747-ს (B747-236SF და B 747-281BF)  აერთიანებს.

Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO).  Geo Sky ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

ავიაკომპანია Geo Sky პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო რეისებს ასრულებს. მანამდე კომპანია ხსენებულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.