ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამის (TAIEX) მხარდაჭერით და საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლების – სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის (DGAC) მასპინძლობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტებით საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსა და ქალაქ პარიზში იმყოფებოდნენ. განხორციელებული აქტივობა მიზნად ისახავდა სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი მიმართულებებით წამყვანი ევროპული ქვეყნის გამოცდილების შესწავლას და სამუშაო პროცესების ადგილზე გაცნობას.

ქალაქ ბორდოში გამართული შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ, საავიაციო სამუშაოების რეგულირების და ზედამხედველობის კუთხით წარმოებულ ძირითად პროცესებს და პროცედურებს. პრაქტიკული სწავლება ასევე მოიცავდა სპეციალიზებულ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციის (EASA Air Operations Regulation (EU) No 965/2012 Part-SPO) ძირითადი ასპექტების მიმოხილვას.

პარიზში, სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატში განხორციელებული სასწავლო ვიზიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის და პერსონალის ლიცენზირების წარმატებული პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა. სააგენტოს სპეციალისტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საერთო დანიშნულების ავიაციის მიმართულებით არსებულ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შესაბამისი ევროპული რეგულაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესების მიღებას 2024 წლიდან გეგმავს. შესაბამისად, საფრანგეთში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება უწყებას შესაბამისი მიმართულებების რეგულირების და ზედამხედველობის პროცესში.