გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 8%-ით გაიზარდა და 10,3 მილიარდი ევრო შეადგინა. იმავდროულად კომპანიის წმინდა მოგება თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწია.

კომპანიის კარგი ფინანსური მაჩვენებლები დაკავშირებულია COVID-პანდემიის შემდეგ საჰაერო მგზავრობაზე არსებულ მაღალ მოთხოვნასთან. ეს განსაკუთრებით სახეზეა ზაფხულის არდადეგების პერიოდში.

მესამე კვარტალში Lufthansa-ს მგზავრთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა და 38 მილიონ მგზავრს მიაღწია.

გასულ კვირას Lufthansa-მ განაცხადა, რომ აპირებს 2000 პილოტის დაქირავებას 2025 წლისთვის. Lufthansa-მ, ისევე როგორც სხვა ავიაკომპანიებმა, პანდემიის დროს შეამცირა პერსონალი და მიმდინარე ზაფხულზე პერსონალის დეფიციტის პრობლემა შეექმნა.