2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 585.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 255.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 76.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4 პროცენტს შეადგენდა.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (38.1 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 5.4 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 98.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2023 წლის I კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 37.0 პროცენტით შემცირდა და 830.8 ლარი შეადგინა.