მიმდინარე წლის 5 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში (ნიდერლანდების სამეფო), საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა და გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებების სასწავლო ორგანიზაციის (JAA TO) აღმასრულებელმა დირექტორმა პაულა ვიეირა დე ალმეიდამ მხარეებს შორის სასწავლო მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების პროცესზე. „ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სააგენტოს მუდმივ ძალისხმევას თანხვედრაში იყოს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან და გააუმჯობესოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.“ – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებების სასწავლო ორგანიზაციას შორის სასწავლო მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის დროს.
JAA TO წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო საავიაციო სასწავლო დაწესებულებას, რომელთანაც სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისთვის სავალდებულო სასწავლო კურსების უზრუნველყოფის და მათი კვალიფიკაციის ამაღლება-შენარჩუნების მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, სააგენტომ აღნიშნული ორგანიზაციაში ოცდახუთამდე სასწავლო კურსი დაგეგმა. სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, სასწავლო მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს უწყების ფინანსური რესურსების დაზოგვას.