ბრიუსელში, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის – „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გაცნობა და მომავალში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.
სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე ევროპის კომისიის ტრანსპორტისა და სხვა სექტორული დირექტორატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გივი დავითაშვილი. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში გაწეული საქმიანობა გააცნო და ისაუბრა იმ პროგრესზე, რასაც საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ მიაღწია ევროპული რეგულაციების საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში ასახვის კუთხით. როგორც გივი დავითაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სრულად დაინერგა ოცამდე, ხოლო ნაწილობრივ ოცზე მეტი ევროპული რეგულაცია და დირექტივა, მათ შორის სრულად მოხდა მგზავრთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ევროპული სტანდარტების ჰარმონიზება ეროვნულ კანონმდებლობაში, დაინერგა უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების (ევროკავშირის SAFA-ს პროგრამა), ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრის და ექსპერტების სერტიფიცირების, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სერტიფიცირების, საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული სამომავლო აქტივობები და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების თანახმად, მხარეებს შორის, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო თანმიმდევრულად ნერგავს ევროპულ საავიაციო რეგულაციებსა და დირექტივებს ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ხელს უწყობს ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას ქვეყანაში, ასევე, ხელსაყრელ პირობებს ქმნის საავიაციო ბაზრის განვითარებისთვის.