ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ექსპერტთა მისიას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრებისა და სწავლების მიზანს სპეციალიზებულ ექსპლუატაციასთან (საავიაციო სამუშაოები) დაკავშირებული ევროპული რეგულაციის (EASA Air Operations Regulation (EU) No 965/2012 Part-SPO (Specialised Operations)) განხილვა და მისი დანერგვის პრაქტიკული ასპექტების გაცნობა წარმოადგენდა. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, უწყების მოწვევით, შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები. გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
პროგრამის მხარდაჭერით, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის საერთო დანიშნულების ავიაციის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სპეციალიზებულ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. საუბარი შეეხო საავიაციო ხელისუფლების მიერ მაღალი რისკის მქონე საავიაციო სამუშაოების ავტორიზაციის და შემდგომი ზედამხედველობის პროცესს, მათ შორის სპეციალიზებული ექსპლუატაციის განხორციელებას დეკლარაციის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ევროპული რეგულაციის მიხედვით, სპეციალიზებული ექსპლუატაცია, რომელიც არ არის განსაზღვრული, როგორც მაღალი რისკის შემცველი, ხორციელდება ექსპლუატანტის დეკლარაციის საფუძველზე. სააგენტო მიერ, აღნიშნული რეგულაციის დანერგვა, ქართულ ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გარკვეული სახის საავიაცო სამუშაოები ავიაკომპანიის სერტიფიკატის მიღების გარეშე, რაც უზრუნველყოფს, საავიაციო სამუშაოების განხორციელების უფლების მიღებას უმოკლეს დროში, დეკლარაციის საფუძველზე.
სპეციალიზებულ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციის დანერგვის პროცესში ევროკავშირის საექსპერტო მხარდაჭერის მიღების თაობაზე განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წელს გააკეთა. განაცხადი ამავე წელს დაკმაყოფილდა ევროპული მხარის მიერ და დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო სამუშაო შეხვედრის ჩატარება იგეგმება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, სადაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვის ფარგლებში, შეფასდება ქართული მხარის მიერ ახალი რეგულაციის დანერგვის მიზნით მომზადებული პროექტის შესაბამისობა ევროპული რეგულაციის მოთხოვნებთან.