სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადაყვანაზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს „ჯორჯიან ბასს“ შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა.

„ჯორჯიან ბასმა“ შესაბამის აუქციონში გაიმარჯვა. თუმცა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, აუქციონის გამოცხადებისას არ იყო გამოქვეყნებული მისი დეტალური პირობები, რითაც დაირღვა აუქციონის ჩატარების მნიშვნელოვანი პრინციპები – საჯაროობა და გამჭვირვალობა.

ამასთან, შპს „ჯორჯიან ბასი“ ვერ აკმაყოფილებდა აუქციონის პირობას, რადგან არ ჰქონდა მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

აუდიტის მონაცემებით, შპს „ჯორჯიან ბასი“ ხელშეკრულებით განსაზღვრული შვიდი მიმართულებიდან, ასრულებდა მხოლოდ სამ მიმართულებას − თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებით. კომპანიას არ გადაჰყავდა მგზავრები გუდაურიდან, ბაკურიანიდან, მესტიიდან და ზუგდიდიდან − ქუთაისში და პირიქით. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით ტრანსპორტირება გართულებული იყო.

დოკუმენტში საუბარია ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევაზეც. კერძოდ, ინფორმაციის წარდგენასა და საფასურის გადახდაზე ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დარღვევის მიუხედავად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ შპს „ჯორჯიან ბასს“ არ აღრიცხავდა პირგასამტეხლოს – აუდიტის სამსახურის მიერ დარღვევის აღმოჩენამდე. აუდიტის მიმდინარეობისას, შპს „ჯორჯიან ბასს“ დაერიცხა პირგასამტეხლო 171 533 ლარის ოდენობით.

კომპანიის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაანგარიშება და კონტრაქტორისათვის წარდგენა იგეგმებოდა კონტრაქტის დასრულებისას, საბოლოო ურთიერთანგარიშსწორების ფარგლებში.
წყარო: 1TV