საქართველოს კონკურენციის სააგენტო მზადაა შესაბამისი საჩივრის შემთხვევაში Tav Georgia-ს მიერ კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტი შეისწავლოს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად ავიაკომპანია Georgian Airways-ს მათთვის არ მიუმართვს, ეს იმ ფონზე, როდესაც ავიაკომპანიის დამფუძნებელმა ღიად განაცხადა, რომ სააგენტოს მოკვლევის დაწყებისთვის არაერთგზის მიმართა.

„ავიაკომპანია Georgian Airways-ს “ტავ ურბან ჯორჯიას” მიერ საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ამ დრომდე  არ წარმოუდგენია.  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, სააგენტოში განცხადების ან საჩივრის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას საკითხი განიხილოს და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, საკუთარი ინიციატივით, 2014-2016 წლებში, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის პროცესში, ავიაკომპანია Georgian Airways-ისგან მოხდა მასალების გამოთხოვა, თუმცა მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი სააგენტოს არ მიუღია“, განმარტავენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართა და საქართველოს ავიაბაზარზე შექმნილი ვითარების შესწავლა სთხოვა. როგორც გაიაშვილმა განმარტა, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

„სრული განუკითხაობაა და ქართული ავიაციისადმი არასამართლიანი მიდგომაა“, განაცხადა გაიაშვილმა.