აუდიტის სამსახური ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა სახმელეთო ტრანსპორტირების ექსკლუზიური უფლების გადაცემასთან დაკავშირებულ აუქციონის ცატარებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენაში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ აუქციონში, კომპანია „ჯორჯიან ბასმა“ გაიმარჯვა, თუმცა შესაბამის ვებგვერდზე არ იყო გამოქვეყნებული აუქციონის დეტალური პირობები, რითაც დაირღვა აუქციონის ჩატარების მნიშვნელოვანი პრინციპები: საჯაროობა და გამჭვირვალობა.
ამავდროულად აუდიტი მიიჩნევსმ, რომ „ჯორჯიან ბასი“, რომელიც აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა, ვერ აკმაყოფილებდა აუქციონის პირობას, რადგან არ ჰქონდა მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. ეს გარემოება კი აუდიტს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების რისკს შეიცავდა.

იქვე აღნიშნულია, რომ „ჯორჯიან ბასი“ ხელშეკრულებით განსაზღვრული 7 მიმართულებიდან, ასრულებდა მხოლოდ 3 მიმართულებას − თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებით, მგზავრები გუდაურიდან, ბაკურიანიდან, მესტიიდან და ზუგდიდიდან − ქუთაისში და შემდეგ პირიქით, არ გადაჰყავდა. შესაბამისად, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე ან/და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება გართულებული იყო.

აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების სხვა პირობების, კერძოდ, ინფორმაციის წარდგენასა და საფასურის გადახდაზე ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დარღვევის მიუხედავად, აეროპორტების გაერთიანება „ჯორჯიან ბასს“ არ არიცხავდა პირგასამტეხლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის აღმოჩენამდე. აუდიტის მიმდინარეობისას შპს „ჯორჯიან ბასს“ დაერიცხა პირგასამტეხლო − 171,533 ლარი.