საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინიციატივით, სააერნაოსნო მომსახურებისა და ზედამხედველობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საჰაერო მოძრაობის მომსახურების, საჰაერო სივრცის ორგანიზების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურების და სააერნაოსნო მომსახურების სხვა მიმართულებებით არსებული აქტუალური საკითხები, საწარმოს ზედამხედველობის ფარგლებში განსახორციელებელი გაუმჯობესების ღონისძიებები და სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ერთობლივად ჩასატარებელი სამუშაოები. სააგენტოს მხრიდან, წარმოდგენილ იქნა 2023-2024 წლებში „საქაერონავიგაციაში“ დაგეგმილი ინსპექტირებების გეგმა, აგრეთვე ინფორმაცია თუ რომელი ევროპული რეგულაციების მოთხოვნების ასახვა მოხდება ეროვნულ კანონმდებლობაში უახლოეს წლებში. მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე წელს დაგეგმილ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესზე, რომელსაც სააგენტო ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე განახორციელებს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების, მათი მოკვლევისა და ანალიზის მოქმედ ვალდებულებებს და 2022 წლის შედეგებს. აღინიშნა, რომ „საქაერონავიგაცია“ ერთ-ერთი მოწინავე ავიასაწარმოა აღნიშნულ მექანიზმის დანერგვის კუთხით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას მოვლენათა შეტყობინების არსებული პრაქტიკის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.