საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია მაროკოში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ავიაკომპანიების პარალელურად, კომპანიის წარმომადგენლები, დირექტორის ხელმძღვანელობით, პარტნიორ აეროპორტებსაც ხვდებიან. ირაკლი ქარქაშაძემ პოზნანის აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე ივნისიდან პოზნანსა და ქუთაისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების დეტალები განიხილა.

,,პოზნანის აეროპორტთან განვიხილეთ ოპერირებისწინა მოსამზადებელი სამუშოები. იცით, რომ ივნისიდან, 5 ახალი მიმართულების ფარგლებში გვემატება პოზნანის მიმართულებაც. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს ფაქტი, იმ ფონზე, რომ ქუთაისი და პოზნანი დამეგობრებული ქალაქებია და ქუთაისი, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რომელიც ყოველწლიურად პოზნანში იმართება. შესაბამისად, კიდევ ერთი დამატებითი მიმართულება პოლონეთში ამ ქვეყნიდან საქართველოში ახალ ტურისტულ ნაკადებს გააჩენს, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ივნისიდან ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს პოზნანის, ჰამბურგის, ფრანკფურტის, მადრიდისა და ბრიუსელის მიმართულებით დაიწყებს.