უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და ზედამხედველობის ევროპული გამოცდილების შესწავლის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) სპეციალისტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

გერმანიის საავიაციო ხელისუფლებაში (Luftfahrt-Bundesamt – Federal Aviation Authority) სასწავლო ვიზიტი ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
სამდღიანი სასწავლო მივლინების ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ კოლეგების პრაქტიკულ გამოცდილებას უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობის და მათი საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის კუთხით. განხილულ იქნა დრონების ოპერატორების რეგისტრაციის, ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავების, საინსპექციო საქმიანობის განხორციელების, საჰაერო მოძრაობის მართვის, ასევე, უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ურთიერთგადამკვეთი საკითხები.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობის საკითხებზე ევროკავშირის საექსპერტო მხარდაჭერის მიღების თაობაზე განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წელს გააკეთა. განაცხადი დაკმაყოფილდა ევროპული მხარის მიერ და დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები. პროგრამის ფარგლებში, შედგა რამდენიმე შეხვედრა საქართველოში, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტების გარდა ესწრებოდნენ სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორები.