საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი ახალი წესების შემუშავებაზე იმუშავებს, პირველი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. შეხვედრას სააგენტოს, საავიაციო ინდუსტრიის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის ოცდაათამდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
პირველ შეხვედრაზე, სააგენტოს სპეციალისტების მხრიდან, მიმოხილულ იქნა უპილოტო საჰაერო სისტემების რეგულირების არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკა, აგრეთვე ის ძირითადი გამოწვევები რაც როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივ დონეზე დგას სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული ახალი მიმართულების სრულფასოვნად რეგულირების და ზედამხედველობის კუთხით. უწყების უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვრცელი პრეზენტაციები წარმოადგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაცია ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებულ კატეგორიებში, გეოგრაფიული ზონების განსაზღვრა, საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და სააგენტოს მიერ დანერგილი ელექტრონული სერვისების პრაქტიკული გამოყენება.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს უპილოტო საჰაერო სისტემების არსებული მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის შესაძლებლობებზე, ზედამხედველობის და კონტროლის ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზებზე და დრონების სამომავლო პოტენციალზე საქართველოს რეალობაში.
უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი ახალი წესების შემუშავების პროცესში ფართო კონსულტაციების გამართვის და ამ მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში დაინტერესებული პირების ჩართვის ინიციატივით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე წლის თებერვალში გამოვიდა. ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი მოთხოვნების განახლება ICAO-სა და EASA-ს მიერ შემუშავებულ ახალ სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოში “U-Space“ საჰაერო სივრცის, „Urban Air Mobility“ კონცეფციის დანერგვის შესაძლებლობის შესწავლა და ა.შ.
დაინტერესებული პირებისათვის, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/@GCAAge